ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმისა და “პრაიდის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ 8 პირი დააკავეს

8 ივლისი, 2021 • 1335
ჟურნალისტებზე თავდასხმისა და “პრაიდის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 პირი, ხოლო “თბილისი პრაიდის” ოფისის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ო.გ., 1991 წელს დაბადებული ც.ჩ., 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. და 1997 წელს დაბადებული თ.გ. “თბილისი პრაიდის” ოფისის დაზიანების ფაქტზე 1992 წელს დაბადებულ გ.ე-ს, 1998 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ა-სა და 1992 წელს დაბადებულ გ.ო-ს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა ო.გ-მ და ც.ჩ-მ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს: ბ.მ-მ, მ.დ-მ და თ.გ-მ იმავე დღეს თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს და საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

სამმა დაკავებულმა, შსს-ს ცნობით, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოჰყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ სულ დაკავებულია 15 პირი.

საპატრიარქოს ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე, რომლის მიზანიც “თბილისი პრაიდის” დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩაშლა იყო, ჟურნალისტებს მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, მუშაობაში ხელი შეუშალეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი