ახალი ამბები

ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით — ევროკომისარი

7 ივლისი, 2021 • 1325
ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით — ევროკომისარი

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ეხმიანება 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ ფაქტებს.

“ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობისთვის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება და არასოდეს წარმოიშვება არც მომავალში. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რამე დისკრიმინაციით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება. გვინდა ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას”, — განაცხადა ვარჰეიმ და დასძინა, რომ თვალყურს მიადევნებს პრცესების განვითარებას.

ევროკომისარის თქმით, ახარებს ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტში მივედი და ევროპული დროშა კვლავ ფრიალებდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.

“არანაირი ვანდალიზმის და ძალადობის ფაქტი არაფრის საწყისი არ იქნება. პრემიერისგან გავიგე, რომ სამართალდამცველი ორგანოები ჩართული არიან სრული ძალით და ყველა წარდგება სასამართლოს წინაშე. ჩვენს დროშას რაც შეხება, ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით აღმართა ეს დროშა”, — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

6 ივლისს კი ჰომოფობიურმა ჯგუფებმა განმეორებით ჩამოხსნეს ევროპის დროშა საქართველოს პარლამენტთან, რომელიც დღეს დილიტ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი