ახალი ამბები

ნაბიჯი იმამიზაციამდე

3 თებერვალი, 2015 •
ნაბიჯი იმამიზაციამდე

`კათოლიკოს-პატრიარქი უაღრესად პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ ჩემთვის უზენაესი ქვეყნის კონსტიტუციაა~. ეს `ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის~ ხელმძღვანელმა, ლევან ჩოლოყაშვილმა თქვა. ის მოძრაობა `დემოკრატიული კავკასიის~ და ქართველ თავადაზნაურთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეცაა.
მან საპროტესტო აქცია მოაწყო რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის გამო და მანიფესტიც გაავრცელა. აქცია არც ერთ ქართულ ტელეკომპანიას არ გაუშუქებია. მანიფესტში ნათქვამია, რომ რუსეთის საპატრიარქო ცდილობს საქართველო `შავრაზმულ-თეოკრატიულ ქვეყნად~ გადააქციოს: `პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში ისეთი პროცესები მიდის, რომელიც არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს. სხვა შემთხვევაში, მალე აღმოვჩნდებით რელიგიური ფუნდამენტალიზმის საშიშროების წინაშე~.
მისი აზრით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსული ეკლესიის გავლენას განიცდის. `დღემდე რჩება კითხვები, რატომ არ უჭერს მხარს, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას და რატომ ატარებს რუსეთის ეკლესიის მიმართ ენის მოჩლექის პოლიტიკას. რისი ეშინია ქართულ ეკლესიას, რითია ის დავალებული რუსეთის ეკლესიისგან?~ ჩოლოყაშვილის აზრით, ამ კითხვებს საპატრიარქომ პასუხი უნდა გასცეს.
ლევან ჩოლოყაშვილის აზრით, რუსული ეკლესიის გავლენით ქართულმა ეკლესიამ დაკარგა ლიბერალური ღირებულებები, რაც მას არსებობის დღიდან ახასიათებდა: `პიროვნების თავისუფლება სოვიეტურმა (საბჭოთა) `მართლმადიდებლობამ~ შეცვალა. აქცენტი გადავიდა წვრილმან დოგმატიკაზე და დაიკარგა მთავარი ღირებულებანი~. მისი თქმით, ქვეყანაში თეოკრატიული ფუნდამენტალიზმის საფრთხეებია და ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის _ `დიდ ათეულთან~ დაკავშირებულმა დებატებმაც ცხადყო. `სასულიერო პირი აცხადებს, რომ დღეს ეკლესია ისე ძლიერია, როგორც არასდროს. სიძლიერე მხოლოდ ფინანსურ მხარეში არ უნდა გამოვლინდეს~.
ჩოლოყაშვილს მიაჩნია, რომ მკვიდრდება შეხედულება, რომელიც ადამიანის თავისუფალი აზროვნების განვითარებას კლავს. `საეკლესიო რჯულის კანონში არსად წერია, რომ მრევლს, თუნდაც რიგით ქართველს, არ აქვს უფლება მოსაზრება გამოთქვას. პირიქით~.
`ჩვენ უნდა ავაშენოთ სეკულარული ქვეყანა, სადაც ყველა კონფესიას ექნება ადგილი. იქნება გამჭვირვალობა და ყველა იქნება ინდივიდი აზროვნებით, თავის საქმიანობაში~. მისი თქმით, რუსები არ ამბობენ უარს კულტურულ ეკუმენიზმზე, ქართველ მართლმადიდებლებს კი ამას უკრძალავენ~. 
ჩოლოყაშვილის აზრით, ქართული ლექსიკიდან სიტყვა `ქრისტიანული~ ამოვარდა. მის ადგილს კი `მართლმადიდებელი~ იკავებს. `ქართული ეკლესია სამოციქულო ეკლესიაა და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე რუსული `მართლმადიდებლობა~. მისი თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენზორად რომ ექცა, სწორედ რუსული აზროვნების გავლენაა. `რაც არ უნდა ნეტარი სახით `ვურჩიოთ~ ტელევიზიას, მაინც ცენზურა გამოდის. როცა ტელევიზიის ბორდის წევრები ამ რჩევაზე უარს ვერ ამბობენ, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა~. 
ჩოლოყაშვილს მიაჩნია, რომ ეკლესიის ამ ფორმით ჩარევა საზოგადოებრივ ინსტიტუტებში შეიძლება საერთაშორისო სკანდალის მიზეზიც გახდეს: `ერის გაუნათლებლობას დაინახავს როგორც მტერი, ასევე მოყვარე~.
ჩოლოყაშვილის თქმით, აღმაშენებელი, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, პირველი საეკლესიო რეფორმატორი იყო. `რუის-ურბნისის კრების შემდეგ მან გადააყენა და დასაჯა თავგასული საეკლესიო პირები. ვფიქრობ, ასეთი `რუის-ურბნისის კრება~ კიდევ გვჭირდება~.
ჩოლოყაშვილი თვლის, რომ საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას ხელს ისეთი პოლიტიკური ძალები უწყობენ, რომელთაც არ აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული ღირებულებები: `მემარჯვენეები მემარცხენეობენ, ლეიბორისტებს მეფე უნდათ… ამ ქვეყანაში გაცილებით სასიცოცხლო პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი, ვიდრე მონარქის შენახვაა~. 
რაც შეეხება მედიას, ჩოლოყაშვილისთვის მიუღებელია აკანკალებული ხმით საუბარი იმაზე, რაც ყველაზე ღირებულია, _ ეს ადამიანის თავისუფლებაა. `ამ ყველაფრიდან კი ერთი ნაბიჯია იმამიზაციამდე~.

მასალების გადაბეჭდვის წესი