ახალი ამბები

მედია, პოლიტიკა და ეკლესია

3 თებერვალი, 2015 • • 1662
მედია, პოლიტიკა და ეკლესია

საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ არხთანგადაცემის შეჩერების შემდეგ, კვირას, დილით, პირველ არხზე `ბეტმენი~ გადიოდა. ფილმის დაწყებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სახლში საყოფაცხოვრებო საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ჩემი შვილები, რვა წლის ილია, ხუთი წლის გვანცა და სამი წლის თამარი ტელევიზორს გაფაციცებით უყურებდნენ. ერთ კადრს მივადევნე თვალი და გავოგნდი: სატანური სახის პერსონაჟები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავდნენ. ტელევიზორი სასწრაფოდ სხვა არხზე გადავრთე, რასაც `მამათა და შვილთა~ დაპირისპირება მოჰყვა. `ბეტმენი~ `დიდი ათეულის~ შეჩერების ფონზე ცუდად მენიშნა. `პროგრესი~ აშკარად თვალშისაცემია.

რაღა მაინცდამაინც `დიდი ათეული~ გახდა ქვეყნის დამაქცევარი, როცა ქართული ტელესივრცე ათეულობით უმსგავსო სანახაობით არის სავსე? მით უმეტეს, როცა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, დაჩი გრძელიშვილი ამბობს, რომ პროექტის დაწყებამდე მას სასულიერო პირებთან, მათ შორის ეპისკოპოსებთანაც ჰქონდა კონსულტაციები და მათგან განსხვავებული აზრი არ მოუსმენია. რატომ გახდა ეკლესიის პოზიცია მაინცადამაინც ასეთი ხისტი ახლა?

ეკლესიას პოზიცია ყველა მოვლენის მიმართ უნდა ჰქონდეს და ამის დაფიქსირება ჩემში არანაირ პროტესტს არ იწვევს. პირიქით, აქამდე ის უფრო მაშფოთებდა, სასულიერო პირები პრესასთან რომ არ საუბრობდნენ.

თუმცა, ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელს მივუბრუნდები. ერთი მხრივ, გვაქვს კანონი, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის სავალდებულოა, მეორე მხრივ, მორალური და პიროვნული განწყობები. `მაუწყებლობის შესახებ~ კანონში წერია, რომ `საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: ა. უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა სახელისუფლო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება~ (მუხლი 16). იმავე კანონის მე-18 მუხლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელად მოქმედებენ და მხოლოდ კანონს ემორჩილებიან. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება _ ბათილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა კი საზოგადოდ დააფიქსირეს, რომ ეკლესიის ზეწოლას ვერ გაუძლეს და პატრიარქის სიყვარული (თუ ავტორიტეტი) კანონზე მაღლა დააყენეს. ეს შემთხვევა ჩვენს ცხოვრებაში გამონაკლისი არ იყო. თავის დროზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცოლმა, მანანა არჩვაძემ (შეიძლება უბრალო დამთხვევაა, მაგრამ, რატომღაც სწორედ მისი მოთხოვნა იყო `დიდი ათეულიდან~ წმინდანების ამოღება) მოაწერა ხელი. ამ მიუღებელ ფაქტს ქართველ ხალხში პრეზიდენტის სიყვარულისა და ავტორიტეტის გამო პროტესტი არ გამოუწვევია. მას შემდეგ საქართველოში ბევრი არაფერი შეცვლილა. საქართველოში ავტორიტარიზმი ჯერ ისევ მძლავრობს. ჩნდება კითხვა, სააკაშვილის შეცვლით შეიცვლება ავტორიტარული რეჟიმი?! დადგება კი ოდესმე კანონი ავტორიტეტზე მაღლა?!

ბოლო დროს ბევრი საუბრობს პატრიარქის და ეკლესიის პოლიტიკურ ამბიციებზე. ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვის სურვილი ბევრ პოლიტიკურ ძალას ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე ჰქონდა. მართლმადიდებელი ეკლესია თავისი არსით მკვეთრად გამიჯნულია საერო ხელისუფლებისაგან, თუმცა, ისტორიაში არაერთი ფაქტია ცნობილი, როცა ეკლესია, თავისი გავლენით, ხშირად მართავდა პოლიტიკურ პროცესებს. საქართველოში დღესაც მონარქისტული იდეების ბევრი პოლიტიკური პარტიაა. თავის დროზე კი ედპ-ს ლიდერი, გია ჭანტურია თეოდემოკრატიის იდეას აყენებდა, რომლის მიხედვით პარლამენტის ზედა პალატა სინოდით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული.

ეკლესიის რეაბილიტაცია ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აღორძინებასთან ერთად დაიწყო. 9 აპრილს მომიტინგეებმა პატრიარქს არ დაუჯერეს. დღეს ბევრი ამ მოვლენას უარყოფითად აფასებს. შესაძლოა, მაშინდელი ტრაგედიაც აგვეცილებინა და დღემდე არსებული არასტანდარტული პოლიტიკური მდგომარეობაც აღარ გვქონოდაო. ფაქტი ერთია, რომ პატრიარქის ავტორიტეტი დღითი დღე იზრდებოდა, `ნაცმოძრაობის~ ზეობის დროსაც კი. დემოკრატიის იდეით  ეკლესიის წინააღმდეგ არაერთი გამოსვლა, თუნდაც `თავისუფლების ინსტიტუტისა~, ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა. ნოემბრის მოვლენების შემდეგ პატრიარქმა პირველად დააფიქსირა თავისი პოზიცია ქვეყანაში სამეფო ტახტის აღდგენის თაობაზე, ოპოზიციამ კი სლოგანად პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება გამოაცხადა. ამის შემდეგ სააკაშვილი უფრო ლოიალური გახდა პატრიარქის მიმართ.

პატრიარქის როლი ქართულ პოლიტიკაში აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეუქცევადი გახდა _ ყველაზე ავტორიტეტიანი შუამავალი რუსეთის პრეზიდენტთან. გაერომ, ევროკავშირმა და სარკოზიმ რაც ვერ მოახერხეს _ პერევიდან რუსების ჯარის გაყვანა, პატრიარქმა მოახერხა (მათი უკან დაბრუნება კი სააკაშვილს დაბრალდა).

საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 თებერვალს, პატრიარქი მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაზე მიემგზავრება. ვარაუდობენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ის დიმიტრი მედვედევსაც შეხვდება. პოლიტიკური რეალობა კი ისეთია, რომ მსოფლიოს ბევრი წამყვანი სახელმწიფო რუსეთს ანგარიშს უწევს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის თქმით, საქართველო ნატოში რუსეთის ნებართვის გარეშე ვერ გაწევრიანდება. ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (რუსეთის მოქალაქე) გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ თუკი რუსეთი ისეთივე თანამშრომლობაზე წამოვა საქართველოსთან, როგორიც ამერიკას აქვს, მოსკოვში ფეხით ჩავა. ასეთი სერიოზული შეთავაზების პირობებში, პატრიარქის პოლიტიკური როლი ძალზე დიდია.

ამ ფონზე, `დიდი ათეული~ შეიძლება განვიხილოთ ძალების მოსინჯვად _ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის.

მუსლიმანი ქართველები პირველი არხის პროექტ `საქართველოს დიდი ათეულის~ შესახებ გამართულ დებატებს ეხმაურებიან

მუსლიმანი ქართველები აცხადებენ, რომ შეშფოთებულნი არიან მართლმადიდებლური ეკლესიის მოთხოვნით, პროექტიდან ამოღებულ იქნას წმინდანებად შერაცხული მამულიშვილები. 
`ცხადია, რომ ეს უდიდესი ადამიანები ღირსეულად აღმოჩნდნენ ქრისტიანული ეკლესიის თანავარსკვლავედში, თუმცა, ამასთანავე, ისინი მთელი ქართველი ერის და მათ შორის მაჰმადიანი ქართველების სიამაყისა და თავმოწონების სიმბოლონიც გახდნენ~, _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუკუნეთა განმავლობაში ქართული ეკლესიის მიერ  წმინდანებად შერაცხული ქართველი მეფეები თუ საზოგადო მოღვაწეები მაჰმადიანი ქართველებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდნენ.
`თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები საქართველოს შიგნით და მის გარეთ მცხოვრებ მუსულმან ქართველთა ისეთივე კუთვნილებაა, როგორც ჩვენი ქრისტიანი თანამოძმეებისა. ისიც უდავოა, რომ დიდი მამულიშვილობა მარტო აღმსარებლობით არ განისაზღვრება, სწორედ ამიტომაც დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და მრავალი სხვა ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ერისკაცები არიან~, _ ნათქვამია განცხადებაში.
მუსლიმანი ქართველები მიმართავენ გადაცემის ავტორებსა და შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს, მეტი შემართებით განაგრძონ ის საქმე, რომელიც მთელი მსოფლიოს ქართველებს სახელოვანი წინაპრების ღვაწლს გაგვაცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი