ახალი ამბები

პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება

6 ივლისი, 2021 • 1433
პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მდუმარე აქცია იმართება.

აქცია, რომელსაც პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებიც უერთდებიან, ფეისბუქზე დაიგეგმა და გუშინ, 5 ივლისს, თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციაზე გამოხმაურებაა.

“გირჩი — მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას დაანახონ, რომ საქართველოში “ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ”. აქციას უერთდება “ევროპული საქართველო” და ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა “დროა.

პარალელურად, პარლამენტთან კონტრაქციაზე, შეკრებილები არიან ჰომოფობიური ჯგუფის წევრები.


გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი