ახალი ამბები

,,შოუ უნდა გაგრძელდეს,,

18 მარტი, 2010 •
,,შოუ უნდა გაგრძელდეს,,

ა) საპატრიარქოში გულწრფელად ან არაგულწრფელად აღიქვამენ და სჯერათ, რომ გადაცემა `საქართველოს დიდი ათეული~ წმინდანებს ერთმანეთთან და საერო პირებთან აჯიბრებს, რაც ცოდვაში აგდებს ამის გამკეთებელს და ეგებ მაყურებელსაც.

საპატრიარქომ შესთავაზა პირველ არხს, შეეცვალა პროექტი, რათა განსაცდელისგან დაეცვა მრევლი (ეს ტერმინი სამღვდელო პირთათვის, ვვარაუდობ, დიდწილად ფარავს საზოგადოების ცნებას). განსაცდელს კი წარმოქმნის მოქალაქეთა `შეთამაშება~ უფლისმიერ იერარქიასთან.

ბ) საპატრიარქოს მიაჩნია, რომ დაიმკვიდრა ავტორიტეტი და გავლენა საზოგადოებაში და, როგორც ეს ძალის ბუნებას შეშვენის, ცდილობს გაიფართოვოს სამოქმედო არეალი. საპატრიარქო მოიწევს ადამიანური საქმიანობის იმ სფეროებში, სადაც მას რამდენიმე წლის წინ ვერ ნახავდით. მაგალითად, 16 იანვარს ორი სასულიერო პირი პირველ არხს ეწვია და ღია ეთერში მოითხოვა, ტელევიზია დამორჩილებოდა ეკლესიის ნებას.
ო არა! საპატრიარქოს არაფერი მოუთხოვია. მან მხოლოდ სთხოვა, ურჩია ჟურნალისტებს, გაეთვალისწინებინათ ეკლესიის თვალსაზრისი. საპატრიარქომ ყველას დაუტოვა არჩევანის თავისუფლება. მაგრამ განუზომელი ავტორიტეტი, რომლის ქონასაც ეკლესიას მიაწერენ, თხოვნისა და რჩევის ფორმით გამოთქმულ ფრაზებს უეჭველ იმპერატიულ კონოტაციას ანიჭებს. მაუწყებლობაში საბჭოს წევრთა და გადაცემის ავტორთა უმრავლესობა ამ იმპერატივს ქედის მოდრეკით ეგებება: ზოგი წრფელად აყენებს პატრიარქის ნებას ყველაფერზე მაღლა, ზოგსაც ალბათ ღვთის რისხვის ეშინია, ზოგსაც სისხლში გახსნილი კონფორმიზმი ანიჭებს მორალურ ელასტიურობას… მიზეზებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შედეგია: ყველა მათგანი ფეხებზე იკიდებს საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა მუშაობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ფეხებზე იკიდებს საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლს, რომელიც მკაფიო მიჯნას ათავსებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.

ორი სამღვდელო პირი, რომელიც 16 ნოემბრის `დიდ ათეულში~ საპატრიარქოს პოზიციებს წარმოადგენდა, ჩემი დაკვირვებით, ოპერირებდა სეკულარული ყოფისათვის სრულად გაუგებარი რომ არა ვთქვათ, მიუღებელი არგუმენტებით. თუმცა, აქ გამოუსადეგარია ან სიტყვა `სეკულარული~ ან სიტყვა `არგუმენტი~, რადგან სეკულარიზმი, უბრალოდ, გამორიცხავს ეკლესიის ასეთ აქტიურ ჩარევა-მონაწილეობას საერო სამაუწყებლო პროდიუსინგში თავისი ღვთაებრივი ლოგიკითურთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფუძნებამდე ვამბობდი და ახლაც ვამბობ: უწინარესად უნდა ივარგონ ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა, მენეჯერებმა, რათა ხორცი შეასხან კანონის იმ ნორმებს, რომელიც მათი საქმიანობის თავისუფლებასა და პროფესიული ღირსების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რაც ჯეროვნად, მოქალაქეთათვის რელევანტურად აამუშავებს საზოგადოებრივ მაუწყებლობას. მაგრამ, ერთი მხრივ, პოლიტიკური კლასის ხანგრძლივად მომსახურებამ, მეორე მხრივ, ერთდროულად წმინდა და უხერხულმა თრთოლვამ, რომელმაც, წესია, მაღალ საეკლესიო იერარქებთან მიახლებისას უნდა აგიტანოს, მოქმედ ჟურნალისტებს საერთოდ მოუსპო წინააღმდეგობის გაწევის უნარი. 16 იანვარს ვნახეთ, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხებათ.

მადლობა ღმერთს (ირონიით არ ვამბობ), ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, ვის თვალშიც, ძალიან რბილად რომ ვთქვა, არაფერი შეემატა ეკლესიის ავტორიტეტს `დიდი ათეულის~ ბოლო გადაცემის შემდეგ. იმედს ვიტოვებ, ამგვარი ეფექტი შეაფხიზლებს ბევრ ადამიანს და განაწყობს მათ, უკეთ დაიცვან თავიანთი, როგორც სეკულარული სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებები. მნიშვნელობა აქვს თითოეულ, თუნდაც პატარა კერას, საიდანაც ადამიანები მოახერხებენ საჯაროდ გამოთქვან კრიტიკული, რაციონალური, დასაბუთებული აზრები სასულიერო წოდების სოციალური ქცევის შესახებ. 16 იანვარს პირველი არხის სტუდიაში მქონდა განცდა, რომ იქ მყოფ სამღვდელო პირებსა და მათ დისკურსს სამიოდე მეტრი და 12 საუკუნე მაშორებდა. ეს დისტანცია არ უნდა შემცირდეს 21-ე საუკუნის საზარალოდ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი