ახალი ამბები

7 ივლისს უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტები აქციას გამართავენ

6 ივლისი, 2021 •
7 ივლისს უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტები აქციას გამართავენ

ხვალ, 7 ივლისს, 12:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აქციას გამართავს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 5 ივლისს “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში:

“მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და შორიდან ადევნებნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. სამინისტროს ინფორმაციითვე, ფიზიკურ ძალადობასა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 3 პირია დაკავებული” ,- ნათქვამია “ქარტიის” განცხადებაში.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
  • დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.

და მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.

ამასთან, დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ასევე დაგეგმილია დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია. აქციის ორგანიზატორია ფეისბუკ გვერდი “ქართველი ვიდეოოპერატორები და ფოტოგრაფები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი