6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჰომოფობიურ, ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში დაუდასტურეს.
იგი 5 ივლისს დააკავა პოლიციამ მრგვალ ბაღთან, გაეროს ოფისთან, სადაც თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი, ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობდა. ის აქციის მონაწილე იყო.
გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულისგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
წინა დღეს, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.
ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ.
გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობებით, [6 ივლისი, 14:30 საათი] 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.







