ახალი ამბები

თალიბანის შეტევის შემდეგ ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო ტაჯიკეთში გაიქცა

6 ივლისი, 2021 • 1442
თალიბანის შეტევის შემდეგ ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო ტაჯიკეთში გაიქცა

ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ნება დართეს 1000-ზე მეტ ავღანელ სამხედროს, მათზე თალიბანის თავდასხმის შემდეგ, გადაელახათ საზღვარი და თავი ტაჯიკეთისთვის შეეფარებინათ.

ინფორმაციას გერმანული დოიჩე ველე ავღანურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალების განცხადების თანახმად, საერთო ჯამში, 1037-მა ავღანელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა საზღვარი 7 სხვადასხვა ადგილას.

მათი განცხადებით, ჰუმანიზმისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით, ტაჯიკურმა მხარემ ნება დართო ავღანელ ჯარისკაცებს, საზღვარი გადაელახათ  და ამით სიკვდილისგან იხსნა.

ავღანელი სამხედროების ტაჯიკეთში გაქცევის შემთხვევა პირველი არ არის. მაისში მეზობელ ქვეყანას თავი შეაფარა რამდენიმე ასეულმა ავღანელმა სამხედრომ.

ვითარების შესაძლო დაძაბვის შემთხვევაში, ტაჯიკეთს სრული დახმარება აღუთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთი და ტაჯიკეთი კოლეტქიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან.

მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ნაწილები ქვეყანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე დატოვებდნენ, ავღანეთში განახლდა ტერაქტებისა და სამთავრობო ძალებზე თავდასხმების შემთხვევები.

ბრძოლების განახლების შემდეგ სამთავრობო ძალებმა თალიბანის სასარგებლოდ დათმეს ქვეყნის 50-ზე მეტი რაიონი.

ამერიკულმა ძალებმა უკვე დატოვეს ბაგრამის სამხედრო ბაზა და აეროდრომი. ამერიკული ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანას ტოვებს ნატოს წევრი ქვეყნებისა და მოკავშირეების ძალებიც.

ქვეყანა დატოვა ქართულმა კონტიგენტმაც.

ფოტო გარეკანზე: ავღანელი სამხედროები ბადახშანის პროვინციაში, რომელშიც თალიბანმა ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 6 რაიონი დაიკავა /4 ივლისი/ Reuters


ავღანეთში განვითარებული გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია არქივიდან:

რა ბედი ელის ავღანეთს ნატოს ჯარების გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი