ახალი ამბები

თბილისში უცხოელი დაჭრეს

5 ივლისი, 2021 • 1479
თბილისში უცხოელი დაჭრეს

დღეს, 5 ივლისს, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე, პირმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ შსს და ტელეკომპანია “ფორმულა.

“ფორმულა” მოქალაქეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, “გეი ეგონათ”, რის შემდეგაც ის ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი, რომელზეც ტელეკომპანია საუბრობს. უწყების თანახმად, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. განცხადებაში წერია, რომ “დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება”.

” დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა”, — აღნიშნავს შსს.

ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი