“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა ეხმიანება რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და საპატრიარქოსა და ხელისუფლებას აკრიტიკებს.
პოლიტიკოსი ფეისბუქზე წერს:
“რუსთაველზე ფაქტიურად პუტინისტი რუსები დგანან. ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე!
ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს.
დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს.
მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ, ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.
გრცხვენოდეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ.
ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით: “რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს” “არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს”.
ზემოხსენებული ჯგუფები რუსთაველზე დილიდან იკრიბებიან. მათ სურთ ღირსების მარშის ჩაშლა, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.
ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.
სანამ მედიაზე იძალადებდნენ , ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტის წინ.