ახალი ამბები

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ფონიჭალაში თავს დაესხნენ

4 ივლისი, 2021 • 1735
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ფონიჭალაში თავს დაესხნენ

“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ფონიჭალაში თავს დაესხნენ. ინციდენტი 3 ივლისს მოხდა, როცა, ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტები ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი ქალი ჟურნალისტების მისამართით ქვას ისვრის, სხვები კი გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად უპირისპირდებიან და გადაღებაში ხელს უშლიან.

“დაგიმტვრევ ახლა ამ ტელეფონს, დაჯექი და წადი!” – ეუბნება ოპერატორს ერთ-ერთი მათგანი.

“შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი ადგილზე სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხებოდა “ოცნების” ადგილობრივი კოორდინატორის სავარაუდო სპეცოპერაციის ფაქტს”, – წერს ტელეარხი.


მისივე ცნობით, “დამტვრეულია ტელეკომპანიის აპარატურა”.

“ნეტგაზეთი” მომხდარზე შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

“ტვ პირველის” ჟურნალისტებს 30 ივნისსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებდნენ, თავს მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა.

აფრასიძე დააკავეს, თუმცა 3 ივლისს მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

გოჩა აფრასიძეს სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი