ახალი ამბები

ნორვეგიაში სოცქსელებში დამუშავებული ფოტოების რეკლამირება დარეგულირდება

2 ივლისი, 2021 •
ნორვეგიაში სოცქსელებში დამუშავებული ფოტოების რეკლამირება დარეგულირდება

ნორვეგიას ახალი რეგულაციები აქვს: თუკი სოციალურ ქსელებში დარეკლამდება ფოტო, რომელზეც გამოსახული ადამიანის სხეულის მახასიათებლები ციფრულადაა დამუშავებული, მას ამის შესახებ მითითება აუცილებლად უნდა ერთვოდეს თან.

პარლამენტარების თანახმად, ცვლილებების მიზანია არარეალისტური სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ ბრძოლა. პარლამენტში კენჭისყრა 2 ივნისს შედგა. ცვლილებები ნორვეგიის მარკეტინგის კოდექსში შევიდა, — 72 ხმით 15-ის წინააღმდეგ. გამოცემა Vice-ის ცნობით, ნორვეგიის მეფე გადაწყვეტს, თუ როდის შევა ცვლილებები ძალაში.

ახალი წესების თანახმად, რეკლამებს, — რომელშიც სხეულის ფორმა, ზომა, ან კანი ციფრულადაა დამუშავებული, თუნდაც ე.წ „ფილტრის“ გამოყენებით, — დასჭირდება სტანდარტიზებული მითითება, რომელსაც ნორვეგიის ბავშვთა და ოჯახთა საქმეების სამინისტრო შეიმუშავებს. ეს წესები ეხება ისეთ მაგალითებსაც, როდესაც შეცვლილია კუნთების, ტუჩის ან წელის ზომა.

კანონი ასევე ეხება „ინფლუენსერებს“ (ანუ სოციალურ ქსელებში გარკვეული გავლენის მქონე, პოპულარულ ადამიანებს), თუკი მათ დამუშავებული ფოტოს შემცველ პოსტში რაიმე სახით მიღებული აქვთ ანაზღაურება ან სხვა სახის გასამრჯელო.

რეგულაციები ეხება ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, სნეპჩეტზე, ტიკტოკსა თუ ტვიტერზე გამოქვეყნებულ მასალებს. წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, პატიმრობასაც.

ეს გადაწყვეტილება ნორვეგიაში სილამაზის სტანდარტების გარშემო ბოლო პერიოდში გამწვავებული დისკუსიების ფონზე იქნა მიღებული.

ნორვეგიის პარლამენტისთვის გაგზავნილ კორესპონდეციაში ბავშვთა და ოჯახთა საქმეების სამინისტრო მიუთითებს კვლევებზე, რომელთა თანახმადაც „სილამაზის სტანდარტები და „სხეულზე ზეწოლა“ ძალიან გავრცელებული ფაქტორია, რომელიც ახალგაზრდებში დაბალ თვითშეფასებას იწვევს“.

„სხეულზე ზეწოლა არსებობს სამუშაო ადგილებზე, საჯარო სივრცეებში, სახლებში, მედიაში და ა.შ“, – წერს სამინისტრო განმარტებით ბარათში. „

სხეულზე ზეწოლა ყოველთვის არსებობს, ხშირად შეუმჩნევლად, და მასთან ბრძოლა რთულია. რეკლამირებისას სხვადასხვა სახით მანიპულირებულ ფოტოებზე ამის აღნიშვნის ვალდებულება ამის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ზომაა. ეს ზომა, იმედია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდებსა და ბავშვებში მსგავსი რეკლამების უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერია დოკუმენტში.

სამინისტრო მიუთითებს იმასაც, რომ ცვლილებების აღსრულება შესაძლოა რთული იყოს, რადგან „ყოველთვის მარტივი არ არის, განისაზღვროს, დარედაქტირებულია თუ არა ფოტო“; ასევე, დოკუმენტი საუბრობს ცვლილებების შესაძლო უარყოფით ზეგავლენაზეც.

ყველაფრის მიუხედავად, ნორვეგიული გაზეთი „ვერდენს გენგი“ იუწყება, რომ რეგულაციებს დადებითად შეხვდა „ინფლუენსერთა“ დიდი ნაწილი.


მომზადებულია გამოცემა Vice-ზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი