იურისტი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ კომპანია “თელასის” მაღალი თანამდებობის პირი დასაქმებულზე სისტემატურად ძალადობდა და ავიწროებდა, აღნიშნულს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატიც, რომელმაც დასაქმებულის მიმართვის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.
ფოფხაძემ დღეს, 2 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დასაქმებულს, რომელსაც მტრული გარემოს შექმნის გამო, საბოლოოდ სამსახურიდან წასვლა მოუწია, თანამდებობის პირი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, მათ შორის, თათბირებზე, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით:
“მაქვს შესაბამისი ჩანაწერები, თუ როგორ ტარდება თათბირები, დედის გინებით, ქალებთან მიმართებაში, რომ “ახლა შენ იტირე და შენი ტირილი არავის აინტერესებს, წაკუზულებმა უნდა იაროთ” და ა.შ.”, — ამბობს ფოფხაძე.
იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპარტამენტში ერთადერთია, რომელმაც ასეთი ფაქტების შემდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო. საკუთარი უფლებების დაცვის სურვილის გამოვლენის შემდეგ კი “თელასმა” დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა სასამართლო დავის დაწყებისთანავე საკუთარი ნებით აღადგინა.
“ჩვენ დავა დავიწყეთ 2020 წელს, თუმცა მანამდეც იყო ეს პრობლემა ამ პიროვნებასთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში, როცა ვერაფერი მოხდა სამართლებრივად, მის მიმართ არ აღიკვეთა ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველისგან გვაქვს პირდაპირი დადგენილება. ამ დღეებში მან წამოსვლასთან დაკავშირებით დაწერა განცხადება”, — ამბობს ფოფხაძე.
ფოფხაძის განცხადებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასაქმებული აპირებს, რომ სასამართლოს ხელახლა მიმართოს, თუმცა ამჯერად კომპანიაში დასაქმებული თანამდებობის პირის მხრიდან დისკრიმინაციის დადგენისა და მორალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ფოფხაძის თქმით, ერთ-ერთ საბუთად სახალხო დამცველის დასკვნის წარდგენას გეგმავენ.
“ნეტგაზეთთან” სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი შუბაშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გასულ წლის 31 აგვისტოს “თელასში” აღნიშნულ თანამდებობის პირს თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაცია დაუდგინა.
“დასაქმებულმა მოგვმართა ჩვენ “თელასის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ. დასაქმებული ამბობდა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი მას მტრულ გარემოს უქმნიდა, ავიწროებდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც დასაქმებული მისი ხელმძღვანელის უკანონო მითითებებს არ ასრულებდა, ეს ადამიანი მას მუშაობისთვის არაკომფორტულ გარემოს უქმნიდა.
ჩვენ გამოვკითხეთ ორივე მხარე, გავეცანით აუდიოჩანაწერებს, რომელიც საქმის მტკიცებულებად იყო წარმოდგენილი. გამოვკითხეთ, ასევე ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, საკმაოდ ბევრი ადამიანი და ამის საფუძველზე დავადგინეთ, რომ ხდებოდა შევიწროება, რაც გამოიხატებოდა მათ შორის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაში, რისთვისაც ხელმძღვანელი თავის ძალაუფლებას იყენებდა”, — განმარტა შუბაშვილმა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, ომბუდსმენმა კონკრეტულ პირს რეკომენდაციით მიმართა, რომ შეეწყვიტა დასაქმებულის მიმართ მსგავსი ქმედებები. ამასთან, ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა “თელასის” გენერალურ დირექტორსაც, რომ გაეკონტროლებინა ხელმძღვანელი პირების მხრიდან თანამშრომლების უფლებების შეზღუდვის და მათი შევიწროების საკითხები, ასევე შეემუშავებინა შიდა რეგულაციები, რომლითაც დისკრიმინაცია და შევიწროება აიკრძალებოდა.
შუბაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოკვლევის პროცესში სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა დამადასტურებელი აუდიოჩანაწერები და მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებდნენ, კომპანია “თელასმა” ეს ფაქტი არ აღიარა, შესაბამისად რეკომენდაციების გათვალისწინებაზეც უარი თქვა.
“ნეტგაზეთი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია “თელასსაც” დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.