ახალი ამბები

ამ დროისთვის კორონავირუსი 50-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა – Naec

2 ივლისი, 2021 • 1168
ამ დროისთვის კორონავირუსი 50-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა – Naec

გამოცდების ეროვნული ცენტრის (Naec) ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, კორონავირუსი დღეს კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 2 ივლისს, განუცხადა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯამში კორონავირუსი 50-მდე აბიტურიენტს აქვს დადასტურებული.

სოფო გორგოძის თქმით, ინფიცირებულ აბიტურიენტებს გამოცდების ცალკე სესია ჩაინიშნება.

“რაც შეეხება ინფიცირებულების სტატისტიკას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, მათთვის დაინიშნება დამატებითი საგამოცდო სესია. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა და გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა . გამოცდიდან მოხსნის ფაქტი გუშინ არ გვქონია”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. დარეგისტრირებულია 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი.

შარშანდელი წლისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს გამოცდების მიმდინარეობისაც მოუწევთ პირბადის ტარება. დანარჩენი რეგულაციები კი იგივე რჩება – აბიტურიენტები გაივლიან თერმო სკრინინგს [ტემპერატურის გაზომვა], დაიმუშავებენ ხელებს, გაივლიან დეზო ბარიერს და ამის შემდეგ დასხდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი