ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს დიპლომატს ჰომოფობიურ აქციაზე კვერცხი მოარტყეს

1 ივლისი, 2021 • 1985
აშშ-ის საელჩოს დიპლომატს ჰომოფობიურ აქციაზე კვერცხი მოარტყეს

„თბილისის პრაიდის“ კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე, ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციაზე აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს.

ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ამასთან, იმ დროს,  როცა დაგეგმილ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დიპლომატები შედიოდნენ, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა კვერცხები ისროლეს.

პოლიციამ 11 პირი დააკავა.


1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი.

მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს. ღონისძიების ორგანიზატორები კინოჩვენების ადგილს არ ასაჯაროებდნენ, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა და ადგილზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მივიდნენ.

პოლიციას ადგილზე რამდენიმე ჯებირი აქვს მოწყობილი და ჰომოფობიური აქციის მონაწილეებს შენობასთან არ უშვებს.

აქციაში სხვადასხვა ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური მოძრაობების ლიდერებიც მონაწილეობენ.

თბილისში არ იმყოფება ლევან ვასაძე, რომელიც აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უცხოეთში იმყოფება სამკურნალოდ.

ჰომოფობიურ აქციაზე 11 პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი