ახალი ამბები

ჰომოფობიურ აქციაზე 11 პირი დააკავეს

1 ივლისი, 2021 • 890
ჰომოფობიურ აქციაზე 11 პირი დააკავეს

პირველ ივლისს, „თბილისის პრაიდის“ კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე, ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა.

შსს-ს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ დროისთვის [19:15 საათისთვის] 11 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი.

მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს. ღონისძიების ორგანიზატორები კინოჩვენების ადგილს არ ასაჯაროებდნენ, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა და ადგილზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მივიდნენ.

პოლიციას ადგილზე რამდენიმე ჯებირი აქვს მოწყობილი და ჰომოფობიური აქციის მონაწილეებს შენობასთან არ უშვებს.

აქციაში სხვადასხვა ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური მოძრაობების ლიდერებიც მონაწილეობენ.

თბილისში არ იმყოფება ლევან ვასაძე, რომელიც აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უცხოეთში იმყოფება სამკურნალოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი