ახალი ამბები

აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით 50 ათასი მასწავლებელი გადამზადდება — სამინისტრო

1 ივლისი, 2021 • 1139
აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით 50 ათასი მასწავლებელი გადამზადდება — სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული გრძელვადიანი გეგმის თანახმად, აგრარული განათლების განვითარების მიზნით, 50 000 პედაგოგი გადამზადდება და ნახევარი მილიონი მოსწავლე მიიღებს ბაზისურ ცოდნას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის შესახებ.

“გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, დაიწყო მასშტაბური პროცესი, რომელიც მოიცავს 50 000 პედაგოგის გადამზადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული სახელმძღვანელოს გამოყენებით.

500 000 მოსწავლე მიიღებს ბაზისურ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გეგმა სახელად „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ მოიცავს სოფლის მეურნეობის სექტორების განვითარებისა და გარემოს დაცვის მიზნებს, ამოცანებსა და გამოწვევებს.

იგი დღეს, პირველ ივლისს მთავრობის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმა ნაწილია მთავრობის 10-წლიანი გეგმის, რომლის შექმნის შესახებაც პირველად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი