ახალი ამბები

2030 წლამდე 1500 ჰექტარზე ტყე გაშენდება — სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1 ივლისი, 2021 • 1234
2030 წლამდე 1500 ჰექტარზე ტყე გაშენდება — სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დღეს, პირველ ივლისს, მთავრობის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმა წარუდგინეს, რომლის თანახმადაც, 2030 წლამდე საქართველოში წინასწარ გამოვლენილ 1500 ჰექტარზე ტყის კორომები გაშენდება ან აღდგება.

გეგმა სახელად „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ მოიცავს სოფლის მეურნეობის სექტორების განვითარებისა და გარემოს დაცვის მიზნებს, ამოცანებსა და გამოწვევებს.

“საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, ითვალისწინებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას. აგრეთვე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.

შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოს გეგმაა, ყოველწლიურად, 150 ჰა ტყის გაშენება და ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის ხელშეწყობა”, — ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ტყის გაშენებისა, სამინისტროს მიერ გაცხადებული გრძელვადიანი გეგმა მოიცავს ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მექანიზმების განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებას, სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებას, წლიური მოსავლიანობის გაზრდას და სხვა დაკავშირებულ საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გეგმის შემუშავებისას სამინისტროს რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის:

  • სასურსათო უსაფრთხოების მიზნით თვითუზრუნველყოფის ამაღლება;
  • საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენება;
  • ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა;

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმა ნაწილია მთავრობის 10-წლიანი გეგმის, რომლის შექმნის შესახებაც პირველად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი