ნეტგაზეთი | ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე – Netgazeti
RU | GE  

ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა განცხადებები საომარი მზადყოფნის შესახებ და სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. თუნდაც ეს ფაქტები საკმარის არგუმენტებს სთავაზობდა რუსულ მხარეს ომის დაწყების ბრალდებისგან თავის დასაცავად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს სამშვიდობოების (და არა მხოლოდ სამშვიდობოების) ფორმატში.
ვახტანგ კომახიძე / სპეციალურადგაზეთ ბათუმელებისთვის

 ქართული პროპაგანდა
ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ბრძანებულებით პრეზიდენტს შესაბამისი დეკრეტით მედიაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება შეეძლო. თუმცა, ლეგიტიმური საფუძვლის მიუხედავად, პრეზიდენტს მედია ფორმალურდ არ შეუზღუდავს.
იმას, თუ რატომ არ დაწესდა მედიის შეზღუდვა, ორგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. პირველიმედიასაშუალებები თავად იცავდნენ საომარი მდგომარეობისთვის შესაფერის წესებს და მეორემედია იმდენად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რომ საომარი მდგომარეობის პროპაგანდის წარმართვისთვის დამატებით რაიმე ფორმალური შეზღუდვა აღარ ესაჭიროებოდა. თუმცა, პირველი ვარიანტის გამორიცხვაც შეიძლება, რადგან საცეცხლე ობიექტების კოორდინატების სატელევიზიო კორექტივებით განმეორებით იბომბებოდა ქართული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საავიაციო ქარხნის აეროდრომი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ფოთის პორტი და ..
ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავები საცეცხლე ობიექტებს დაუზიანებლად ტოვებდნენ, ტელევიზიები მაშინვე სიამაყით აცხადებდნენ, რომ ზიანი არ იყო და რუსეთის თავდასხმები მიზანს ვერ აღწევდა. ამით პროპაგანდის მანქანა მაყურებელს აჯერებდა, რომ რუსული არმია არც ისე ძლიერი იყო. მაგრამ, ამის შემდეგ თვითმფრინავები უკან ბრუნდებოდნენ და ტელევიზიებისთვის საამაყო აღარაფერი რჩებოდა. ცხადია, ტელეკომპანიებისთვის `კოორდინატების დაზუსტება~ პირდაპირ განზრახვას არ წარმოადგენდა, ეს უბრალოდ, პროპაგანდის ნაკლოვანი მხარე იყო.
ცხადია, რომ ასეთი პროპაგანდის გეგმა ომის დაწყებიდან ხუთ წუთში არ ცხვება.
წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი არსებობის განმავლობაში არ ენდობოდა მედიას, საომარი მდგომარეობის დროს არ ეცდებოდა კანონიერად შეეზღუდა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პირობები, თუ მას სრულად არ აკონტროლებდა. საინფორმაციო პოლიტიკის უკან იგრძნობოდა მყარი გარანტიები, რომ ქართული მედია სამხედრო პროპაგანდის პირობებს განუხრელად დაიცავდა.
ომის დაწყებისთანავე გაითიშა რუსული ვებგვერდები, რომელიც პროპაგანდის სულისკვეთებას არ შეესატყვისებოდა, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის წყარო ავტორიტეტული იყო და . .

რუსული პროპაგანდა
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რუსული მედიის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზეც.

ვინ დაიწყო ომი
8
აგვისტოს შემდეგ ქართული მხარე ომის დაწყებას რუსულ მხარეს აბრალებდა, რუსულიქართულს.
ახალ წელს ცხინვალში შეხვედრაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებით, ქართულმა მხარემ აშკარად პირველმა წამოიწყო საომარი რიტორიკა. 2004 წელს ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა ცხინვალზე იერიშიც მიიტანეს.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა განცხადებები საომარი მზადყოფნის შესახებ და სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. თუნდაც ეს ფაქტები საკმარის არგუმენტებს სთავაზობდა რუსულ მხარეს ომის დაწყების ბრალდებისგან თავის დასაცავად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს სამშვიდობოების (და არა მხოლოდ სამშვიდობოების) ფორმატში.
უფრო მეტიც, 8 აგვისტოს წინა პერიოდში ქართული საავადმყოფოები მოამარაგეს უფასო მედიკამენტებით და სისხლით.
სასწრაფო დახმარების ექიმები უფასოდ გაატარეს გადაუდებელი დახმარების კურსებზე, რაც მანამდე 135 ლარი ღირდა.
ომის დაწყებამდე არაერთი სამხედრო და პოლიტიკური პირი აკეთებდა ერთმნიშვნელოვან მინიშნებას, რომ ცხინვალის კონფლიქტს ქართული არმია მალე წერტილს დაუსვამდა. 8 აგვისტოს ომი დაიწყო. პირველადაც და მეორედაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავდაჯერებული იყო, რომ სამხედრო გზით ამ კონფლიქტის მოგვარებას შესძლებდა.
ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, რომ წმინდა სამხედრო ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, რამდენად შესაბამისი იყო ასეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, თუ იგი სეპარატისტული დაჯგუფებების თავდასხმების აღსაკვეთად იქნა განხორციელებული. და `კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაც~ ომის დაწყების შენიღბული ფორმა იყო, რაც ვერ ჩაჯდებოდა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან ფორმატში.

კონფლიქტის ისტორია
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ცხინვალის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო. ავტონომიის ხელმძღვანელობა კი კრემლთან პარტნიორობას ამჯობინებდა. კრემლმა საბჭოთა კავშირის რღვევის ფონზე მომეტებული ქართული ნაციონალიზმი ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენა. სწორედ რუსული სამხედრო პოლკიდან დაიწყო ცხინვალელი მოქალაქეების შეიარაღება, რომლებიც სეპარატისტებად ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული.
რუსულ კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ გავლენაში მოქცეულ საბჭოეთის პერიფერიებს ვერ წარმოედგინათ ბოლშევიკური სოციალიზმის აღსასრული და კრემლს უფრო საიმედო პარტნიორად აღიქვამდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური ოსებისა და ქართველების დიდი ნაწილი რეგიონში შერეული ოჯახების სახით ცხოვრობდნენ, პოლიტიკური დაპირისპირება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქართული პრესა მრავლად ბეჭდავდა თეორიებს, რომ ოსები ცხინვალის ავტონომიის ტერიტორიაზე ავტოქთონური ერი არ იყო, რომ ისინი მხოლოდ ორიოდე ასეული წლის წინათ ჩამოსახლდნენ ჩრდილო ოსეთიდან და . . ოსები თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიას საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტად ოსურ ენაში არსებულ სამხრეთულ დიალექტს ასახელებდნენ, რაც არ შეიძლებოდა დროის ასე მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებულიყო.
ქართულმა მხარემ ეთნიკური ოსების დისკრიმინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწო. ჩემი თვალით მაქვს, ნანახი თეთრიწყაროს რაიონში ავტომატით დაცხრილული და დაცარიელებული ოსების სახლები, გაპარტახებული ნასახლარები საქართველოს სხვა კუთხეებში. ბაკურიანში მცხოვრები ოსები დღემდე ყვებიან შეიარაღებული ქართველების აგრესიაზე, თუ როგორ ყრიდნენ ავტობუსებში, სატვირთო მანქანების ძარებზე და ჩრდილო ოსეთში აძევებდნენ, მათ ქონებას კი ანიავებდნენ. ამ ადამიანებმა ოსურიც კი არ იცოდნენ. ერთერთმა მათგანმა მითხრა, კონფლიქტამდე თავი ჩვეულებრივი ქართველი მეგონა, ისეთივე, როგორც კახელია ან მეგრელიო, მაგრამ სატვირთო მანქანის ძარაზე შეაგდეს და ვლადიკავკაზში მიაბრძანეს.
მოგვიანებით, ვლადიკავკაზში ვნახე როგორ ცხოვრობდა ქალაქის პარკში, კარუსელის ფიცრულში ერთი ოსური ოჯახი. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ის ადამიანი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა იქ დაბრუნება, საიდანაც ასე დამამცირებლად გამოაძევეს. დისკრიმინაციის მოტივით, არაერთმა ეთნიკურმა ოსმა მოქალაქემ ითხოვა და მიიღო თავშესაფარი დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეთნიკური ოსებისთვის თავშესაფრის მინიჭება იმასაც ნიშნავდა, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის ეს პერიოდი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან არ აღიქმებოდა დემოკრატიულად, იმის მიუხედავად, რომ იგი დემოკრატიულად იყო არჩეული ქართველი ხალხის მიერ. თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა კი სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ ეპითეტად ფრაზა _ `დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება~ აქციეს.
ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი არაერთხელ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და აშკარად გამოჩნდა ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივები (სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეუწყო ხელი ჩიბიროვის ხელისუფლების გახანგრძლივებას). ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად მანკიერი ერგნეთის ბაზრობა საუკეთესო პოლიტიკურ იარაღად იქცა და ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ოსები იღებდნენ მატერიალურ შემოსავალს, ქართული ეკონომიკური სისტემა კიგარკვეულ პრობლემებს. თუმცა, ამ ფონზე ეთნიკური უთანხმოებები ნელნელა დავიწყებას ეძლეოდა.
სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველ რიგში ერგნეთის ბაზრობა დახურა, თუმცა, კონტრაბანდა გრძელდებოდა და მასში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ოსებმა დაკარგეს შემოსავლები და საქართველო მათთვის საერთოდ უსარგებლო გახდა. ამასთან, სააკაშვილის ჰუმანიტარული აგრესია, ფქვილის ჩატანა, რკინიგზის აღდგენა და სამხედრო რიტორიკა ოსებს აიძულებდა თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე ეფიქრათ.
სააკაშვილის ხელისუფლებამ არ დასაჯა არც ერთი დამნაშავე, რომლებსაც ეთნიკური ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. უფრო მეტიც, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოსთან რუსულ აგრესიას ქართულ საზოგადოებასთან ერთად აპროტესტებდა ის ადამიანიც, რომელმაც 1991 წელს ცხინვალის შემოგარენში ქალებით და ბავშვებით სავსე ავტობუსი ააფეთქა, რაც კონფლიქტის გაღვივების საბაბი გახდა.
ერთადერთი მშვიდობიანი პროექტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, სანაკოევის ადმინისტრაცია და `კოკოითი ფანდარასტი~ იყო, რომელიც ცხინვალის მმართველ პოლიტიკურ წრეებთან დაპირისპირებულ პირთა წრეს დაეფუძნა. თუმცა, ეს მშვიდობიანი აქციაც მხოლოდ დაპირისპირებას და მოწინააღმდეგე ოსური ნაწილის გამასხარავებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, არც სოფელ ქურთის აღმშენებლობა იყო აღქმული კონფლიქტის მოგვარების სიმბოლოდ ცხინვალის მოსახლეობის მხრიდან (სამწუხაროდ, ომის შემდეგ ყველაზე წარმატებული პროექტი `კოკოითი ფანდარასტ~, ყოველგვარი ირონიის გარეშე, სანაკოევის `ფანდარასტით~ დამთავრდა).
სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ხოცავდა ქუჩებში, ახორციელებდა უკანონო დაპატიმრებებს, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციებს, ერეოდა მართლმსაჯულების სფეროში, ავიწროვებდა მედიას და, ფაქტობრივად, არ იცავდა ადამიანის უფლებებს, არანაირად მიმზიდველი არ აღმოჩნდა კონფლიქტური ზონის ოსი მოსახლეობისთვის.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებს იმაზე, რომ სეპარატისტები დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და რომ მათი თავისუფლების ხარისხი რუსეთზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეს შეზღუდულობის ხარისხიც, მაგრამ, აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი იბრძვის იარაღით ხელში და იბრძვის არა ქართველებთან ერთად, არამედ ქართველების წინააღმდეგ.

ვის სურდა ომის დაწყება
უკვე გამოვთქვით მოსაზრებები იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, ის, ვინც ომი დაიწყო, შესაძლებელია არ იყოს ომის ინსპირატორი. ახლა შედეგების მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული სამხედრო ესკალაციით, მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგებიც შეიძლება განსხვავებული იყოს კონფლიქტში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობებისგან.
რუსეთმა მოიგო ომი და მიიღო ის, რომ სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე; კიდევ უფრო გაუარესდა კომუნიკაცია ქართველებსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის; გაიზარდა რუსეთის გავლენა მთლიანად კავკასიაში; გაიზარდა გავლენა ამიერკავკასიის ენერგოდერეფნის პოტენციურ ინვესტიციებზე.
იმის მიუხედავად, რომ საომარი რიტორიკა საქართველოდან დაიწყო, რუსეთს არ უცდია პოლიტიკური მეთოდებით ამ გაუმართლებელი აღტკინების ჩახშობა. პირიქით, რუსეთმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, მას ამ კონფლიქტიდან კონკრეტული სარგებლის მიღება შეეძლო.
ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ, მაგრამ არ იყო სათანადოდ კატეგორიული, როცა საქართველოს სამხედრო სამზადისი თავდაცვის მოთხოვნებს აშკარად აჭარბებდა. შესაძლებელია, ევროკავშირის მოზომილი დამოკიდებულება დემოკრატიულად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისადმი საომარი მოქმედებების ინსპირაციას აღვივებდა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ, სწორედ ამ ომის წყალობით, ევროკავშირმა შემოდგომის პირზე მიიღო პოლიტიკური ფრონტის საწინააღმდეგო ხაზზე მყოფი გაბრაზებული ენერგომიმწოდებელი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ომით მიიღო ვალდებულება ევროკავშირისგან, რომ იგი უფრო ერთგული პარტნიორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, მიიღო გალაწუნებაც რეგიონში საკუთარი ინტერესების (შესაძლოა არასწორი ან არასაკმარისი) ინვესტირების გამოც;
შესაძლბელია მიიღო ამერიკელი ხალხის ნებართვაც რეგიონში სამხედრო კომპონენტის გამოყენებაზე.
საქართველომ წააგო ომი, დაკარგა (როგორც ხელისუფლება აცხადებდა) რეგიონის საუკეთესო არმია და მიიღო ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა, თუ წარმოსახვით რეალობაში ომში გამარჯვებულ საქართველოს პრეზიდენტს შევაფასებთ, ის იქნებოდა გმირი 7 ნოემბრის მოვლენების მიუხედავად, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის აშკარა გაუარესების მიუხედავად, ასევე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისადმი საზოგადოების სრული უნდობლობის მიუხედავად. საქართველოს პრეზიდენტისადმი ნდობის აღსადგენად საქართველოში ტერიტორიული საკითხის მოგვარება ერთადერთი პანაცეა იყო.

ყბადაღებული წარმატება
ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სხვა წარმატებულ კომპონენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. უცნაურია, რომ წარმატებაზე საქართველოს მხარის გარდა არავინ ლაპარაკობს. სააკაშვილი ამაყობს იმით, რომ მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. არის ეს იმის გარანტია, რომ აფხაზები და ოსები მოინდომებენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას და რუსი სამხედროების გასვლას?!
11
აგვისტოს, როცა რუსული ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, მთავრობა განიხილავდა საკითხს, როგორ ეჩვენებინათ, რომ მთავრობა წარმატებულად მუშაობდა.
იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს ომი რუსეთის პროვოცირებული, ხელისუფლებამ იგი ვერ აიცილა და აქტიური საომარი მოქმედებები წამოიწყო. რამდენიმე საათში ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთო და საბრძოლო სურათი ისე მომენტალურად შეცვალა, გაუგებარი დარჩა, რას ეფუძნებოდა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმეწლიანი გაუთავებელი ხმაური ქართული არმიის წარმატებული აღმშენებლობის შესახებ.
რუსულმა არმიამ საქართველოდან წარმატებით გაზიდა საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით შეძენილი სამხედრო აღჭურვილობა. იმ ბიუჯეტით შეძენილი, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურ მოთხოვნებს იგნორირებდა და უდიდეს ნაწილს საქართველოს სამხედრო წარმატებაში აბანდებდა.
ომის პერიოდში იყო ეპიზოდები, როცა ხელისუფლება წარმატებებზე ვეღარ მოგვითხრობდა, მაგრამ წარუმატებლობებს მაინც არ ავლენდა: ხელისუფლება და საპროპაგანდო მანქანა არ ამბობდა, რომ ქართული შენაერთები დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი სამხრეთისკენ გადაჯგუფდნენ, რომ ათიათასობით მოქალაქე ტოვებდა საცხოვრებელს; უფრო მეტიც, დევნილები იკრიბებოდნენ მერიასთან, პარლამენტის შენობასთან, ისინი დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლება ამ ადამიანებს არ იმჩნევდა. ხელისუფლება არ ასახელებდა მსხვერპლის რაოდენობასაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი პრესისთვის წარმატებული განცხადებების შემდეგ მთავრობის კულუარებში ჟურნალისტებთან ჩურჩულებდა, რომ საქართველოს ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად იყო შერყეული.
ომის დღეებში დასავლეთი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს, როგორც აგრესიის მსხვერპლს და საქართველოს პრეზიდენტი ამ დახმარებასაც საკუთარ წარმატებად მიიჩნევდა. დასავლეთის ძალისხმევაშეეჩერებინათ რუსეთის აგრესია, ქართულმა პროპაგანდამ საქართველოს მთავრობის დამსახურებად გაასაღა.

ფაქტი იყო, რომ
საქართველოს სამხედრო წარმატებას რუსეთი არ დაუშვებდა ერთი მთავარი მიზეზითოსეთში საქართველოს სამხედრო წარმატებას ჯაჭვურად მოჰყვებოდა გაყინული კონფლიქტების გააქტიურება ყარაბაღში, აფხაზეთში და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთის გავლენა შემცირდებოდა;
კონფლიქტში რუსული რეგულარული ჯარების ჩართვამ და საომარი მოქმედებების კონფლიქტის ზონის გარეთ გატანამ გადაფარა `დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების~ მილიტარისტული აქტივობები და კრიტიკული შეფასებები მის მიმართ აღარ გაჟღერებულა (განსაკუთრებით ქართული ტელეკომპანიებით).
დასავლეთმა არასათანადოდ შეაფასა სააკაშვილის დასავლური თამაშები. მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი გამოაცხადა ნატოს და დასავლური დემოკრატიის მოკავშირედ და სათანადოდ არ აფასებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდა. დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ დემოკრატიის ის დოზა, რაც სააკაშვილის დროს საქართველოში დარჩა, საკმარისი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხისთვის.

და ბოლოს
სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისგან გაიჟღერა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების გადაყენება სურდათ. ეს მოწოდება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც დასავლელი პოლიტიკური წრეებისთვის, ასევე ქართული ოპოზიციისთვის.
რუსეთის მხარემ კი, რომელმაც სააკაშვილის გადაყენება მოითხოვა, მშვენივრად ისარგებლა სააკაშვილის მიერ გაყვანილი გზით კოდორის ხეობაში და კოდორის ხეობა აფხაზეთს შეუერთა. ასევე, ისარგებლა ქართული პოზიციებიდან ცხინვალის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით და ომში ჩაერთო, საიდანაც მიიღო მინიმუმ ის, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.
რატომ უნდა მოეთხოვათ რუსებს ყოველივე ამის შემდეგ სააკაშვილის გადაყენება და, თუ მაინც და მაინც ეს სურდათ, განა მათთვის ცხადი არ იქნებოდა, რომ მათი ლოზუნგები მოწინააღმდეგე მხარისთვის მიუღებელი იქნებოდა და ისევ სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყობდა ხელსვახტანგ კომახიძე არის სტუდია “რეპორტიორის” დამფუძნებელი. მუშაობდა გადაცემა “60 წუთში”. საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე 2 საგამოძიებო ფილმის ავტორი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge