საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახთან საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ განიხილება ცხედრის საბერძნეთში დაკრძალვის ვერსიაც, რის შესახებაც, საკონსულოს განცხადებით, დაღუპულის ოჯახის წევრები ინფორმირებულნი არიან.
“საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს საკითხის გადასაწყვეტად აქტიური მუშაობა. ასევე განიხილება იქ დაკრძალვის ვერსიაც, რასთან დაკავშირებითაც ოჯახი ინფორმირებულია” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდა.
“აქედან ნაცნობებიც ჩავიდნენ, კრემაცია უნდა მოხდესო და შემდეგ შეგიძლიათ გადასვენება ფერფლისო” – ამბობდა დაღუპული ქალის შვილი “რუსთავი 2-თან” სატელეფონო კომენტარში და ცხედრის საქართველოში გადმოსვენებისთვის დახმარებას ითხოვდა.