ახალი ამბები

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ჩხრეკის ახალ წესს გაასაჩივრებს

30 ივნისი, 2021 • 624
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ჩხრეკის ახალ წესს გაასაჩივრებს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ საპროცესო კოდექსში ჩხრეკასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების ბაზისურ სტანდარტებს, რის გამოც, ორგანიზაცია მის გასაჩივრებას კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს.

ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტზე მუშაობის დროს პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის თითქმის არც ერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა, რათა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი და ამ გზით მოპოვებული მტკიცებულებათა სანდოობის ხარისხი, საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისი ყოფილიყო.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტს ავალდებულებდა, შეემუშავებინა ჩხრეკის ჩატარების იმგვარი პროცედურა, რომლის ფარგლებშიც მინიმალური იქნებოდა სამართალდამცავთა თვითნებობის რისკები. ამავდროულად, ორგანიზაციის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის პირისადმი კუთვნილება დადასტურებული იქნებოდა სხვა ნეიტრალური მტკიცებულებითაც.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს და უგულებელყოფს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებს:

“კანონის ახალი შინაარსი ვერ აგვარებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ ისეთ პრობლემებს, რომელიც სამართალდამცავთა თვითნებობას და ჩხრეკის/ამოღების პროცესში მოქალაქეთა უფლებების დარღვევის რისკებს უკავშირდება. ჩხრეკა/ამოღების ახალი წესი არსებითად არ აუმჯობესებს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესს და ვერ უზრუნველყოფს მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობას. უფრო მეტიც, ახალი რეგულაციებით ჩხრეკა/ამოღების წესი კვლავ შეიცავს თვითნებობის რისკებს და აწესებს განსხვავებულ, ორმაგ სტანდარტს სხვადასხვა სახის ნივთის ამოღებისას. ამავდროულად, სავალდებულო არაა, ჩხრეკის შედეგები გამყარებული იყოს ნეიტრალური მტკიცებულებით,” —აცხადებენ ორგანიზაციაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თქმით, ჩხრეკის შედეგების ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარებისთვის, მნიშვნელოვანი იყო მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების შემუშავება და, რიგ შემთხვევაში, სამართალდამცავთა ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და მათი კვალიფიკაციის გაძლიერება.

ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით განუსაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობაში ცვლილებების განსახორციელებლად ნახევარი წელი, რათა ამ დროში სამართალდამცავი უწყებებიც მომზადებული დახვედროდნენ ახალ საკანონმდებლო რეგულაციებსა და მაღალ სამართლებრივ სტანდარტებს:

“სამწუხაროდ, ამ მხრივაც ბუნდოვანია, რა ზომები გაატარა ნახევარწლიან პერიოდში საგამოძიებო უწყებამ თანამშრომლების სათანადო აღჭურვილობით და თეორიული/პრაქტიკული ცოდნით უზრუნველსაყოფად. შეჯამებისთვის, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არაჯეროვანი შესრულება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სტანდარტების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად აკნინებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების ბაზისურ სტანდარტებს. აგრეთვე, მსგავსი პრაქტიკა აუფერულებს კონსტიტუციური კონტროლის მნიშვნელობას და არაეფექტიანს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას” — აცხადებენ ორგანიზაციაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩხრეკა/ამოღების ახალ წესს კვლავ გაასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი