ახალი ამბები

კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

30 ივნისი, 2021 • 1056
კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

კანადის დასავლეთ პროვინციაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს აღწევს და ამგვარი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც “ვაშინგტონ პოსტი” წერს, რეგიონის კორონერის ოფისის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს სიცხის ტალღა დაატყდა, გარდაცვალებების რიცხვმა იმავე პერიოდში საშუალო მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა, რასაც სწორედ მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ.

ოფიციალური უწყებების თქმით, ოთხდღიან პერიოდში, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში, ჩვეულებრივ დროს 130 ადამიანის გარდაცვალებაზე იღებენ ინფორმაციას, ორშაბათი საღამოდან კი ეს რიცხვი 233-ს აღწევს. ამასთან, ორშაბათის შემდეგ, 24-საათიან პერიოდში, უეცარი გარდაცვალების 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

კანადის პოლიციის თქმით, გარდაცვალების შემთხვევებზე გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ბევრი მათგანი ასაკოვანი მოქალაქე იყო და შემთხვევებს სიცხეს უკავშირებენ.

მსგავსი სტატისტიკაა ვანკუვერშიც, სადაც პარასკევის შემდეგ უეცარი გარდაცვალების 65 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, მარტო სამშაბათს – 20. ქალაქის პოლიციის თქმით, ჩვეულებრივ დროს მსგავსი შემთხვევების რაოდენობა 3-4-ს არ აჭარბებს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, შეწყდა სასწავლო პროცესი, რიგმა დაწესებულებებმა კი მომხმარებლებს ჯავშნები გაუუქმა. მოქალაქეები თავს კონდიცირების მქონე სასტუმროებს და პლაჟებს აფარებენ. გამოცემა წერს, რომ ვანკუვერის პარკები, პლაჟები და აუზები ვიზიტორებითაა გადაჭედილი.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა კანადაში სავარაუდოდ კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი