ახალი ამბები

მღვდელმა თქვა, რომ „ბიძინა მამალი პინგვინების შეჯვარების ყურებით ტკბება“, საპატრიარქო მას იბარებს

29 ივნისი, 2021 • 10497
მღვდელმა თქვა, რომ „ბიძინა მამალი პინგვინების შეჯვარების ყურებით ტკბება“, საპატრიარქო მას იბარებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადების თანახმად, მღვდელი, რომელმაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვახტანგ გომელაურთან ერთად „მამალი პინგვინების შეჯვარებით ტკბება“, საეპარქიო კომისიაზეა დაბარებული.

29 ივნისს დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ ჰომოფობიური ინტერვიუ მისცა ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია „ალტ ინფოს“, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურზე ასეთი რამ თქვა:

„სულ მიკვირდა ხოლმე ისედაც, პინგვინი რატომ ჰყავს ხოლმე ამ ადამიანს [ივანიშვილს]. ცხოველებში არ შეინიშნება, ერთი სქესის ცხოველების ურთიერთობა არის მხოლოდ პინგვინებში. ეტყობა ,ბატონი ბიძინა ზის და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და მამალი მამალთან რომ წყვილდება, იმას უყურებს და ამით ტკბება. ხან გომელაურს პატიჟებს და მერე ერთადა ტკბებიან ვაჟბატონები და მერე გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელად ლაპარაკობენ“.

„ბიძინა ივანიშვილს მივმართავ პირდაპირ… ამხელა შუშის სასახლე გაქვს, ბიძინა. ჩაიყვანე, ამერიკის ელჩიც დაპატიჟე, შარლ მიშელიც, სუ ყველა, მთელი „შპანა“ ჩაიყვანე ევროპიდან და შინაგან საქმეთა მინისტრს პირდაპირ მივმართავ ახლა ამ სიტყვებით, შუშის სასახლეს დაარტყას წრე თავის ერთგულ პოლიციელებთან ერთად და დაიცვას“.

საპატრიარქოს პრესცენტრმა 29 ივნისს, საღამოს საათებში გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ დეკანოზ გიორგი რაზმაძის ინტერვიუ „თავისი შინაარსით ყოვლად მიუღებელია, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართული“.

„ნებისმიერი ადამიანისგან და, მით უმეტეს, მოძღვრისგან ასეთი აზროვნების გამოვლენა, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებს და მეტად მძიმე მდგომარეობაში აგდებს თავად მას“, – წერია განცხადებაში.

პრესცენტრის ცნობით, „საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, იგი დაბარებულია საეპარქიო კომისიაზე“ და „მის მიმართ მიღებული ზომების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ რამდენიმე საათით ადრე ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მოუწოდა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“. საპატრიარქომ ჰომოფობიური შინაარსის განცხადება გაავრცელა.

“თბილისი პრაიდი” 5 ივლისს რუსთაველზე “ღირსების მარშს” გამართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი