ახალი ამბები

მთავრობა „ნამახვანის“ კონტრაქტის ხელახალ შეფასებაში $70800-ის გადახდას გეგმავს

29 ივნისი, 2021 • 875
მთავრობა „ნამახვანის“ კონტრაქტის ხელახალ შეფასებაში $70800-ის გადახდას გეგმავს

იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების მოსამზადებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას 70 800 აშშ დოლარი გადაუხადოს.

იუსტიციის სამინისტრო, მთავრობის დავალებით, სამართლებრივი შეფასების მოსამზადებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას მაისის ბოლოდან ეძებდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა შესყიდვის ფასი აქამდე ცნობილი არ ყოფილა.

რას უკვეთავს იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების მოსამზადებლად „ინტერესთა გამოხატვა“ 27 მაისს გამოაცხადა.

„ინტერესთა გამოხატვა“, ზოგადად, გულისხმობს კომპანიებისთვის შანსის მიცემას, შეიტანონ განაცხადი იუსტიციის სამინისტროში ამ დავალების შესასრულებლად.

იუსტიციის სამინისტროს დავალებაა, მომზადდეს იურიდიული დასკვნა, რომელიც აღწერს, რამდენად შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ კონტრაქტი „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“ და საქართველოს კანონმდებლობას.

სამინისტრო განცხადებაში მიუთითებდა, რომ „იუსტიციის სამინისტროს შეუზღუდავი დისკრეციაა [უფლებაა], აირჩიოს წარმატებული პრეტენდენტი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე“.

2021 წლის 29 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მოსთხოვა გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებაზე ნებართვა. სააგენტომ გადაწყვეტილება 2 ივლისამდე უნდა მიიღოს.

ტენდერი

დოკუმენტაციაში იუსტიციის სამინისტრო წერს, რომ პროექტის შეჩერება დააზარალებს საქართველოს მთავრობას:

„აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა შეჩერდეს; პროექტის შეჩერება კი მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, როგორც სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით, ისე სამომავლოდ ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის განვითარების კუთხით“.

„ამდენად, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, აგრეთვე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სამინისტროს დასაბუთებით, ვინაიდან იუსტიციის სამინისტროს აქვს მთავრობის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების კომპეტენცია, ხოლო მოცემული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემოწმდეს „ნამახვანის“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა, „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესყიდულ იქნეს ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის იურიდიული მომსახურება“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კომპანია გაწევს ამ მომსახურებას.

დოკუმენტის მოსამზადებლად ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეა განსაზღვრული, — არაუგვიანეს 2021 წლის პირველი სექტემბრისა.

კითხვები

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეფასება, რომელიც არაერთ კრიტიკული დასკვნას მოიცავს, უწყებას უკვე ჰქონდა მომზადებული კონტრაქტის ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, სამინისტრო ამ დოკუმენტის შინაარსზე დღემდე არ აკეთებს განმარტებებს.

ამ საკითხზე სახელმწიფოს დუმილის ფონზე, სპეციალისტები, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ ხელშეკრულებას, ეჭვობენ, რომ სამინისტრო ეცდება, ამ გზით ნაკლებად კრიტიკული დასკვნა შეიმუშაოს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დღეს აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების შესაფასებლად საერთაშორისო კომპანიის ძებნა „აზრს მოკლებულია მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს“.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას [რამდენიმე უწყებას] შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი