ახალი ამბები

ავღანეთი საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა

28 ივნისი, 2021 • 1098
ავღანეთი საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა

17-წლიანი სამსახურის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა ავღანეთი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი, ტარიელ მახარაშვილი მეთაურობდა.

უწყების ინფორმაციით 32-ე ბატალიონი ავღანეთში ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა ნატოს ეგიდით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის მისიას” ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში და მის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიას პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა.

“2015 წლის პირველი იანვრიდან ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფომრაციით, 2004 წლიდან დღემდე 107 როტაციის ფარგლებში ავღანეთში საერთაშორისო მისიებში 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 32 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი