ახალი ამბები

ბელარუსი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს

28 ივნისი, 2021 •
ბელარუსი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა აჩერებს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში მონაწილეობას. ამის შესახებ სამინისტომ დღეს, 28 ივნისს გაავრცელა განცხადება.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, BelTa-ს ინფორმაციით, ბელარუსში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, დირკ შუბელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ქვეყანა “იძულებული გახდა, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა”. მათ შორის კი, ბელარუსის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში მონაწილეობის შეჩერებაა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი 6 ქვეყანა იყო გაერთიანებული. მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი.

21 ივნისს აშშ-მა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს.

მათ ბელარუსის მთავრობას ეროთბილი განცხადებით მიმართეს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის მთავრობას კი საერთაშორისო გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს, რომელიც 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგოს დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ევროკავშირის გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო 78 ფიზიკურ პირსა და 8 კომპანიას. მათივე ცნობით, სანქცირებულთა შორისაა ის 7 ფიზიკური პირი და ერთი დაწესებულება, რომლებიც 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან არიან დაკავშირებული. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც “მხარს უჭერენ და სარგებლობენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი