ახალი ამბები

აშშ-მა და მოკავშირეებმა შავ ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

28 ივნისი, 2021 • 1846
აშშ-მა და მოკავშირეებმა შავ ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

28 ივნისს შავ ზღვაში, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ჩართულობით, მასშტაბური წვრთნები დაიწყო. აშშ-ის არმიის თანახმად, პროცესი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მიუხედავად რუსეთის კრიტიკისა, რომელმაც პროვოკაციად შეაფასა აღნიშნული ღონისძიებები.

Deutsche Welle-ს თანახმად, საზღვაო წვრთნებს, სახელწოდებით “Sea Breeze”, აშშ და უკრაინა ხელმძღვანელობენ. წელს ყურადღება ძირითადად გამახვილდება საჰაერო თავდაცვაზე, წყალქვეშა ოპერაციებსა და სხვა საკითხებზე.

გერმანული ტელეკომპანია ციტირებს უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურს, ოლექსი ნეიჟპაპას, რომლის თქმითაც, წვრთნები იქნება “ძლიერი მესიჯი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად”.

პროცესში, ჯამში, 32 სახელმწიფოა ჩართული. მასში მონაწილეობას მიიღებს 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 თვითმფრინავი, ასევე, სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი. შავ ზღვაში გასული კვირის ბოლოს შევიდა აშშ-ის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, ამერიკული USS Ross, რომელიც ასევე მიიღებს წვრთნებში მონაწილეობას.

ეს ყველაზე მასშტაბური წარმომადგენლობაა “Sea Breeze”-ის ისტორიაში, რომელიც პირველად 1997 წელს ჩატარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხსენებული ღონისძიება გააკრიტიკა, “პროვოკაციად” შეაფასა და გამოთქვა ეჭვი, რომ წვრთნები უკრაინაში იარაღის შესატანად იქნება გამოყენებული.

წვრთნების დაწყებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 23 ივნისის განცხადება, რომლის თანახმადაც რუსულმა სამხედრო ხომალდმა შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულთან, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემ HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

„გამანადგურებელი გააფრთხილეს, რომ იარაღს გამოიყენებდნენ, თუკი რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადმოკვეთდა. მას არ ჰქონია რეაგირება გაფრთხილებაზე“, – აცხადებდა მოსკოვი.

ბრიტანეთმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და თქვა, რომ მისი ხომალდი მშვიდობიანად მოძრაობდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი