ახალი ამბები

რადიომაუწყებლებს 1.5 მლნ ლარის დავალიანება ეპატიებათ – თურნავა

28 ივნისი, 2021 • 1257
რადიომაუწყებლებს 1.5 მლნ ლარის დავალიანება ეპატიებათ – თურნავა

მთავრობა რადიომაუწყებლებს ჩამოაჭრის სახელმწიფო კომპანიის მიმართ არსებულ დავალიანებას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, 24-მდე რადიომ კომუნიკაციების კომისიასა და ეკონომიკის სამინისტროს ვალის პატიების თხოვნით მიმართა.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების გამო, რაც თურნავას თქმით, აისახა რადიოების სარეკლამო შემოსავლებზე, მთავრობამ მათთვის ვალის პატიების გადაწყვეტილება მიიღო.

“სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია, რომელსაც ჰქვია შპს საქართველოს ტელე-რადიოცენტრი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ანძებს ფლობს. ამ ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეს სხვადასხვა რადიoმაუწყებელს. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ და მარეგულირებელ კომისიას 24-მდე რადიოკომპანიამ მიმართა და მოითხოვეს ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახნილი იქნა კორონავირუსის პანდემიით. ჩვენსა და მთავრობის მიერ გაზიარებული იქნა ეს არგუმენტაცია”, —განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმითვე, რადიოებს, ჯამში, 1.5 მლნ ლარის დავალიანება ეპატიებათ: “მთლიანობაში 1.5 მლნ ლარის დავალიანება და ასევე წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიების ხდება ამ რადიომაუწყებლების მიმართ. 24 კომპანიაა მთლიანობაში და, ფაქტობრივად, მთლიანად სპექტრი არის მოცული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი