ახალი ამბები

არაფერს ველოდები, რამე ისეთი უნდა მქონდეს გაკეთებული, სანქციას იმსახურებდეს – მურუსიძე

27 ივნისი, 2021 • 1044
არაფერს ველოდები, რამე ისეთი უნდა მქონდეს გაკეთებული, სანქციას იმსახურებდეს – მურუსიძე

მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ის აშშ-სგან სანქციის დაწესებას არ ელოდება. ამის შესახებ მან “ფორმულას” განუცხადა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივან ბადრი ჯაფარიძე „ამერიკის ხმასთან“ ამერიკის მხრიდან, ცალკეული ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრობს. როგორც აშშ-ში ვიზიტით მყოფი “ლელოს” წევრები ამბობენ, აშშ-ში ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება უმაღლეს დონეზე განიხილება.

როგორც მურუსიძე ამბობს, არ შეიძლება დეპუტატი კანონს არ იღებდეს და მერე მოსამართლისთვის სანქციის დაკისრებას ითხოვდეს.

“სიმართლე გითხრათ, იმდენი რამე გადამხდა თავს, მე ნამდვილად არაფერს არ ველოდები, რამე უნდა მქონდეს ისეთი გაკეთებული, რაც სანქციას იმსახურებდეს. მოვისმინე ბადრი ჯაფარიძის ინტერვიუ. ბატონმა ბადრიმ თქვა, რომ ჩვენ კლანის მიმართ უნდა განვახორციელოთ სანქციები, იმიტომ, რომ კლანი უშლის ხელს რეფორმის გატარებას.

ბატონი ბადრი არის დეპუტატი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება და მოვალეობა არის, რომ მიიღოს ის კანონები, რის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს. თუ ბატონი ბადრი არ მიიღებს კანონებს და ამის გამო, მე კანონი არ მივიღე და ამიტომ მოსამართლე დაისაჯოს, ეს არალოგიკურად მიმაჩნია. იმიტომ, რომ საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეასრულოს თავის ფუნქცია და სასამართლო ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავის ფუნქცია.

ჩვენზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ რაღაც მიზანშეწონილი არ არის. ვერცერთი ვერ ასახელებს ფაქტს, რომ ჩვენ კანონი დავარღვიეთ. ამიტომ არ არის საჭირო სასამართლო ხელისუფლება შენ პოლიტიკაში გარიო. კანონმდებლებმა უნდა გააკეთონ თავის საქმე, გაატარონ რეფორმა, მიიღონ კანონები და თუ ჩვენ იმ კანონებს არ შევასრულებთ სასამართლო, მაშინ მოგვთხოვეთ პასუხი. როგორ შეიძლება დეპუტატი კანონს არ იღებდეს და მერე იძახდეს,რომ მოსამართლეს უნდა დავაკისრო სანქციებიო”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი 9  კანდიდატის შერჩევას, მურუსიძე ამბობს, რომ საბჭო კანონით მოქმედებდა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის წევრებს შეუძლიათ.

“არ უნდა მოთხოვო სასამართლო სისტემას სამართლებრივი გზებიდან გადაუხვიოს და პოლიტიკური თემები მოაგვაროს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონით ევალებოდა ეს პროცედურა გაეკეთებინა. საბჭო მოქმედებდა კანონით. ახლა ეს [მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება] არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ დეპუტატებმა და პარლამენტმა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი