ახალი ამბები

სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი, რომელიც გამათხოვრებული დადის? — ღარიბაშვილი

25 ივნისი, 2021 • 1484
სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი, რომელიც გამათხოვრებული დადის? — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პარლამენტში დეპუტატთა კითხვებს პასუხობს, “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა 2008 წელს “რუსული ჯარის დაბრუნებაში”, შემდეგ კი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, “გამათხოვრებული” უწოდა.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის გამოსვლის საპასუხოდ ისაუბრა.

“ყველაზე სასაცილოდ რაც მომეჩვენა, გახლდათ ის მომენტი, როდესაც აღნიშნეთ, რომ საქართველო დღეს მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის. რითი, ბატონო ირაკლი, რითია მზად? პოლიტიზებული სასამართლოთი, პროკურატურით, პოლიციით?” ,— მიმართა ხერხეულიძემ პრემიერ-მინისტრს.

დეპუტატმა ასევე თქვა, რომ არაერთი სამხედრო მოსამსახურე “ქვეყნის გარეთ პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს”, ომის ვეტერანები კი დაუფასებლები არიან.

“ეს ნაბიჯები აშორებს ჩვენს ქვეყანას ნატოსგან და ეს არის ძალიან სავალალო ტენდენცია, რადგან ამისთვის ძალიან ბევრი აქვთ ნაშრომი თაობებს”, — უთხრა ხერხეულიძემ ღარიბაშვილს.

საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტში “ამაზე მეტად რუსული განცხადება” არ მოუსმენია და ის, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ არის, მოსკოვის პოზიციაა. შემდეგ მან აგვისტოს ომზე დაიწყო საუბარი და “ნაციონალური მოძრაობა” რუსული პოლიტიკის განხორციელებაში დაადანაშაულა.

“რუსული პოლიტიკა განახორციელეთ თქვენ. რუსული ჯარი 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. კითხვა მაქვს – რატომ დააბრუნეთ რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში?

თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერთ, რომ ომი დაიწყო ქვეყანამ საქართველომო. სააკაშვილმა დააბრუნა, ხელისუფლებამ დააბრუნა რუსული ჯარი, კი.

აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი, რომელიც გამათხოვრებული დადის ქვეყანაში ხიდან ხეზე? ეგ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი? კაცმა, რომელიც იყო 9 წელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა”, — თქვა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი