ახალი ამბები

ისრაელმა კვლავ აამოქმედა პირბადის რეგულაცია დახურულ სივრცეებში

25 ივნისი, 2021 • 927
ისრაელმა კვლავ აამოქმედა პირბადის რეგულაცია დახურულ სივრცეებში

ისრაელში დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის ზრდის გამო მიიღო.

ისრაელის მთავრობამ ხსენებული რეგულაცია სულ რაღაც 10 დღის წინ, ფართომასშტაბიანი იმუნიზაციის პროგრამისა და ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი კლების ფონზე გააუქმა. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეში ამ მაჩვენებელმა ისევ იმატა, ხუთშაბათს კი ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

ისრაელის პანდემიაზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნაჩმან ეშმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინფექცია დამატებით დასახლებებში ვრცელდება, რაც შემაშფოთებელია.

” ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ [მაჩვენებლის] გაორმაგების ვხედავთ… კიდევ ერთი რამ, რაც შემაშფოთებელია, ინფექციის გავრცელებაა.

თუ ჩვენ გვაქვს ორი ქალაქი, სადაც ინფექციის [შემთხვევების] უმეტესობა იყრის თავს, გვაქვს უფრო მეტი ქალაქი, სადაც [ინფიცირებულთა] რაოდენობა იზრდება”, — დასძენს ის და აქვე აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებში ზრდა არ ფიქსირდება.

France Press-ის ინფორმაციით, ეშმა ასევე თქვა, რომ ისრაელში ვირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდა, სავარაუდოდ, ე.წ. ინდურ შტამთან არის დაკავშირებული, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ისრაელის მედია იუწყება, რომ ქვეყანაში ბოლო რამდნეიმე კვირაში გამოვლენილი შემთხვევების 70% სწორედ ხსენებულ შტამთან არის დაკავშირებული.

ისრაელის მთავრობა მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, პირბადე ხალხმრავალ გარე სივრცეებშიც ატარონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი