ახალი ამბები

“ვაქცინები არ გამქრალა… პასუხისმგებლობას არ გავურბივარ” — გამყრელიძე ვაქცინების დეფიციტზე

24 ივნისი, 2021 • 1332
“ვაქცინები არ გამქრალა… პასუხისმგებლობას არ გავურბივარ” — გამყრელიძე ვაქცინების დეფიციტზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის დაკარგული დოზები აუდიტის სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში იპოვა.

ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ AstraZeneca-ს დოზებზე შეფერხებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გაურბის. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, მიწოდებაში შეფერხების გამო, ათასობით მოქალაქე მარაგების ამოწურვის გამო ვერ იცრება. მათ უკვე გაუუქმდათ ჯავშნები. დაწყებულია მოკვლევაც ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმ ექსპერტებზე, რომლებიც მას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

“მე არც პოლიტიკურ, არც პირად პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მე უფრო დიდი თანამდებობებიდან წავსულვარ, ვიდრე ახლა მიკავია. ამიტომ მე ეს არ მაშინებს. მხოლოდ მაინტერესებს, ვინც მე ამისკენ მომიწოდებს, ის საქმეები, რა საქმეებიც მიკეთებია, უკეთ უქნია?” – ამბობს ის და ამატებს, რომ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, ხოლო პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შეიკავებს.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინების არცერთი დოზა არც გამქრალა და არც აღმოჩენილა, შიდა აუდიტი კი ცენტრში პირველად დღეს დილას შევიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ წარმოების ვაქცინების დეფიციტური ხარჯვა მიმდინარეობს, რისი მიზეზიც მწარმოებელი ქარხნის მხრიდან მოწოდების გადავადებაა.

რაც შეეხება 2 500 დოზა ვაქცინას, რომლის პოვნაზეც იყო საუბარი, გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ რაოდენობის ვაქცინები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეაგროვეს, რათა იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც AstraZeneca-ს პირველი დოზით ვაქცინაციიდან 10-12 კვირა უსრულდებათ, სრული ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ:

“არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა. გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს იმ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას, ჩვენთანაც გახლდნენ დღეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩვენთან სხვადასხვა პროგრამებს სწავლობს, ეს არის ყოველწლიური შესწავლა, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დღეს დილით, 10-ზე იყო ჩვენთან პირველად.

მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია და ნახავენ, თუ ნახეს რაიმე დანაკლისი, მერე ვილაპარაკოთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ”, — თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძისვე ცნობით, საქართველომ ამ დრომდე ორჯერ მიიღო Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინა კოვაქს პლატფორმიდან. მესამე პარტია უნდა შემოსულიყო მაისში, თუმცა მოწოდების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და საბოლოო ვადად 22 ივნისი განისაზღვრა. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ეს ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა დროულად, რადგან მწარმოებელმა შესაბამისი დოზები ვერ მიაწოდა გაეროს ბავშვთა ფონდს.

“აღმოჩნდა გარკვეული დეფიციტი მეორე და პირველ დოზაზე 30 ივნისამდე ჩაწერილი 4-5 ათასამდე ადამიანისთვის” ,— ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც Astrazeneca-ს ვაქცინაზე ჯავშანი გაუუქმდა, მიიღო შეტყობინება ამის შესახებ. იმ პირებმა კი, ვისაც პირველი დოზიდან 10-12 კვირა უსრულდებათ, მიიღეს შეტყობინება, რომ ჯავშანი ძალაშია.

“თბილისში აცრები განხორციელდება Astrazeneca-ზე შერჩეულ სამ დაწესებულებაში. ეს იქნება ინფექციური, რესპუბლიკური და იაშვილის საავადმყოფო. თუ ვინმეს 30 ივნისამდე აქვს ჯავშანი, სადაც იყო რეგისტრირებული, იქ აიცრება. ინსტრუქციის მიხედვით, Astrazeneca-ზე რევაქცინაცია ტარდება 4-12 კვირაში, მაგრამ ბევრი კვლევით დასტურდება, რომ განსაკუთრებით კარგ იმუნიტეტს იმუშავებს, თუ 8-12 კვირაში ტარდება მეორე აცრა” ,— აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი