ახალი ამბები

მიშელის დოკუმენტში წერია “პაუზა” და არა “შეჩერება” – ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე

23 ივნისი, 2021 • 1123
მიშელის დოკუმენტში წერია “პაუზა” და არა “შეჩერება” – ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი აკვირდება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გაუგია.

მისივე განცხადებით, “სასამართლო გადატვირთულია”, ამიტომ [მოსამართლეების დანიშვნის] “შეჩერება” არ არის სწორი.

“მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. შარლ მიშელისგან კრიტიკა მე არ გამიგია. მე ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი პირი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს.

რაღაც ტერმინების თამაში მიდის, რასაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია “პაუზა” და არა “შეჩერება” და ეს ორი სხვადასხვა რამაა. მე ვიცი, რამდენადაა გადატვირთული ჩვენი სასამართლო, ამიტომ “შეჩერება” არ მიმაჩნია სწორად და ამაზე მქონდა ამერიკის ელჩთან საუბარი”, – განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, “ახლა ულტიმატუმის ენით საუბრის დრო არ არის”.

“ახლა დროა, ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არაა დრო, იმ გზავნილების დაბრუნების, რომ ასე თუ არ მოიქცევი, მე გავალ, მე შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში, თუ ყველა არ მიხვდება იმას, რომ საზოგადოებას უნდა წინსვლა და შედეგები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილის შეთანხმებაში უცველელი სახით დარჩა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გარემოების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მიიღეს თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოეწერათ ხელი და ანგარიში გაუწიეს ამ თხოვნას.

“19 აპრილს “ქართული ოცნება” და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ “მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს”. შეთანხმდნენ ყოველისმომცველ და ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის ახალ კანონმდებლობაზე”, — ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და Twitter-ზე გააზიარა სქრინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებიდან, სადაც მარკერით გაფერადებულია შესაბამისი პუნქტები.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი