ახალი ამბები

რას აკეთებდით გახელაძის პატიმრობის დასასრულებლად? — “ოცნების” დეპუტატი ლომჯარიას

23 ივნისი, 2021 • 2067
რას აკეთებდით გახელაძის პატიმრობის დასასრულებლად? — “ოცნების” დეპუტატი ლომჯარიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერიძე დაინტერესდა, რა შეიძლება გააკეთოს და რას აკეთებდა ამ დრომდე სახალხო დამცველი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

“დღეს არის ზაზა გახელაძის დაბადების დღე და ეს დღე ყველა ქართველისთვის არის მძიმე. მთელი პარლამენტის სახელით მე მაინც ვულოცავ მას დაბადების დღეს იმ მძიმე გარემოში, რომელშიც ის იმყოფება და ვიტოვებ იმედს, რომ ის მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს. პირადად მე კიდევ ერთხელ, საჯაროდ და კატეგორიულად მოვითხოვ უკლებlივ ყველასაგან, ვისაც ხელეწიფება, რომ უზრუნველყოს ზაზა გახელაძის თავისუფლება, რათა წერტილი დაესვას მის სრულიად უკანონო პატიმრობას”, — განაცხადა რიმა ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს უსმენენ.

დეპუტატმა კითხვით მიმართა ომბუდსმენს:

“დღეს ბევრს ვსაუბრობთ ყველა ჩვენგანი, მაგრამ ხშირად ისმის მოსაზრებები ქმედების გააქტიურებასთან დაკავშირებით. საკითხში ჩაერთო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ამას მივესალმებით. მე მაქვს კითხვა თქვენთან, როგორ ფიქრობთ, რა არის ის ღონისძიება, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ თქვენ გააკეთოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა”, — მიმართა ბერიძემ ლომჯარიას.

ზაზა გახელაძე გასულ წელს სოფელ ქვემო ჭალაში დააკავეს. მას “საზღვრის” უკანონოდ კვეთასა და სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი