ახალი ამბები

წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო – ზურაბიშვილი ზელენსკის

23 ივნისი, 2021 • 834
წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო – ზურაბიშვილი ზელენსკის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს.

ზურაბიშვილმა 23 ივნისის შეხვედრას უწოდა „დიდი დღე ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების საუკუნოვან ისტორიაში“ და განაცხადა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში.

„თუმცა მე მოხარული ვიყავი, რომ ვესწრებოდი თქვენს ინაუგურაციას და არ დამავიწყდება ის დღე“, – მიმართა ზურაბიშვილმა ზელენსკის.

„სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ გარკვეული დრო დაიკარგა. დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ჩვენი საერთო მიზნების გამყარებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა:

„მე პირადად ჩვენს ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. თვით 2020 წელს, 23 აპრილს, წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო და 21 წლის 9 აპრილის ჩემს საპარლამენტო სიტყვაში აღვნიშნე, რომ „არ მინდა, 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს სოლიდარობის ნიშნად სასწრაფოდ, აუცილებლად დავაბრუნოთ ელჩი კიევში““.

ზურაბიშვილის განცხადებით, ამას მოჰყვა „ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა“:

„ამის მერე რამდენიმე ვიზიტი ორივე მხრივ — პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრები და დღეს ჩვენი ოფიციალური შეხვედრა აქ. მე ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის და ვთვლი, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას“, – განაცხადა მან.


2020 წლის 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

ამ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიხმეს, მაგრამ მმართველი პარტიის ცნობით, ეს ტყუილი იყო, რადგან კანდიდატურა შეტანილი არც კი ყოფილა.

საბოლოოდ, 2020 წლის 7 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა [კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია].

ამის შემდეგ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 21 აპრილს დაბრუნდა კიევში და მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

ერთი წლის შემდეგ საქართველომ უკრაინაში ელჩი დააბრუნა

მასალების გადაბეჭდვის წესი