შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბრალდებები წლების წინ ცხინვალიდან სიგარეტის პროპაგანდაში მის მონაწილეობაზე „არასერიოზული“, „სასაცილო“ და „მოგონილია“.
ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ 19 ივნისს გავიდა სიუჟეტი, სადაც არაიდენტიფიცირებული მოქალაქე ამბობს, რომ წლების განმავლობაში გომელაური „ძალოვან უწყებაში“ მუშაობდა. იქ მუშაობისას კი თანამშრომლისგან გაიგო, რომ წარსულში „უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული“.
კერძოდ, მონათხრობის თანახმად, გომელაურს „კავშირები ჰქონდა ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან“. ბრალდების თანახმად, ეს საქმიანობა გულისხმობდა კონტრაბანდის — სიგარეტის და სასმელების — გადატანას ცხინვალში, რაც შემდეგ ერგნეთის ბაზრობაზე იყიდებოდა. ერთხელ კი, კონტრაბანდის დიდი პარტიის გადატანისას, იგი დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში მოხვდა.
23 ივნისს ამ საკითხზე ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს ვახტანგ გომელაურს, რომელმაც განაცხადა:
„ეს ცოტა სასაცილოა, ამაზე სერიოზულად პასუხი როგორ უნდა გაგცეთ. ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არა ვარ. არც ბავშვობაში, არც დიდობაში. გავლითაც არ გამივლია ცხინვალზე, — თერჯოლის მხრიდან დავდიოდით ხოლმე, რაჭაში რომ მიწევდა წასვლა. ასე რომ, ეს არის რაღაც მოგონილი, აბსურდი, სისულელე“.
„თუ გადახედავთ წლებს, როდესაც ეს თემა, ერგნეთის ბაზრობა და ასეთი მოძრაობები იყო, 19-20 წლის ჯარისკაცი ვიყავი. ქვეყანაში რა ხდებოდა 1990-იან წლებში, თქვენ გახსოვთ, და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე, ჯარისკაცი, „ვალაგებდი თემებს“ და კონტრაბანდები დამქონდა 19 წლის ბიჭს. მაშინ მე ვმუშაობდი ბატონი ედუარდ შევარდნაძის გარე დაცვაში, ვიყავი რიგითი ჯარისკაცი. არც უფროსი, არც ხელმძღვანელი. ციხესთან კი არა, ცხინვალში საერთოდ არ ვყოფილვარ“, – განაცხადა გომელაურმა.