ახალი ამბები

თბილისის მერიის მანქანებში 2017-18 წლებში ავზების მოცულობაზე 29 ტონით მეტი საწვავი ჩაასხეს — აუდიტის სამსახური

22 ივნისი, 2021 • 1271
თბილისის მერიის მანქანებში 2017-18 წლებში ავზების მოცულობაზე 29 ტონით მეტი საწვავი ჩაასხეს — აუდიტის სამსახური

თბილისის მერიის ავტომობილებში 2017-2018 წლებში, 632 შემთხვევაში, ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, რაშიც 57 700 ლარი დაიხარჯა, საწვავის მეტობამ კი 29 000 ლიტრი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.

აუდიტის სამსახური ანგარიშში აღნიშნავს, რომ შესაძლოა, თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებულებულებმა არასამსახურებრივი მიზნით მერიის და გამგეობის ავტომანქანები გამოიყენეს, რაშიც, სულ მცირე, 100 700 ლარი დაიხარჯა.

როგორც აუდიტის სამსახური განმარტავს, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებისთვის ავტომანქანებს ავზებზე სპეციალური ჩიპები (მეხსიერების ბარათი) აქვთ დამონტაჟებული, რომლითაც განისაზღვრება, თუ რამდენი ლიტრი საწვავი ჩაისხმება კონკრეტულ ავტომობილში, რასაც აგაის სისტემა ჰქვია.

მუნიციპალიტეტის ხარჯზე კი საწვავი უნდა ჩაისხას მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და საწვავის მოხმარება ძირითადად დაკავშირებული უნდა იყოს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაადგილებასთან. აუდიტის სამსახურის განმარტებით, გამონაკლისია მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების დროს გახარჯული საწვავის რაოდენობა.

თუმცა, შესაძლებელია აგაის სისტემის მანიპულირება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ავტომანქანის ავზიდან მოიხსნება ჩიპი და დაუყენდება სხვა ავტომანქანას.

იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შესაბამისად იყენებდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აღნიშნულ სისტემას, აუდიტის წარმომადგენლებმა შემთხვევითობის პრინციპით შეამოწმეს რამდენიმე ავტომანქანა. შედეგად კი დაადგინეს, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილებზე აგაი სისტემის ჩიპები სათანადოდ დამაგრებული არ იყო, რაც მისი მოხსნის შესაძლებლობას და არასამსახურებრივი ავტომობილის საწვავით გამართვის შესაძლებლობას იძლევა.

“აღნიშნულით დადასტურდა, რომ აღმასრულებელ ორგანოებში არ ხდება ჩიპების მთლიანობის მუდმივი მონიტორინგი და საწვავის ხარჯვაზე ერთ-ერთი კონტროლის განხორციელების ინსტრუმენტი − აგაი სისტემა, არ გამოიყენება სათანადოდ, ვინაიდან ბენზინგასამართი სადგურზე ავტორიზებული ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია მხოლოდ აგაი სისტემის „ჩიპი“, სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადამოწმების გარეშე”, — განმარტებულია ანგარიშში.

გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა, არის არასამივლინებო პერიოდში ავტომანქანებში მუნიციპალიტეტებს გარეთ ჩასხმული საწვავი. აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017-2018 წლებში გამოვლინდა 678 დაუსაბუთებელი ფაქტი, რა დროსაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა 43 000 ლარის ღირებულების და 22 600 ლიტრი საწვავი ჩაასხეს ავტომანქანებში.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუდიტის სამსახური რეკომენდაციას გასცემს, რომ მერიამ სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან და მათ მიერ საწვავის მოხმარების პროცესში დანერგილი კონტროლის არსებული მექანიზმები გააანალიზოს.

“ამასთან ერთად, გათვალისწინებულ იქნეს აუდიტით იდენტიფიცირებული ხარვეზები. საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება. სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა, განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა. ამასთანავე, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები”, — განმარტებულია აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი