ახალი ამბები

პირბადის ტარება ბაზრობებზე და ბაზრებშიც სავალდებულო იქნება – მთავრობა

22 ივნისი, 2021 • 1356
პირბადის ტარება ბაზრობებზე და ბაზრებშიც სავალდებულო იქნება – მთავრობა

მას შემდეგ, რაც დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, მთავრობამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი განსაზღვრა, სადაც პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა. მათ შორის არის ღია ტიპის ბაზრები და ბაზრობები.

„შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა  პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად, ბაზრობები, ბაზრები. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, პირველ რიგში, ერთმანეთს და იქ პირბადე უნდა ვატაროთ”,-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება, მისი გაკეთება მაინც რეკომენდირებული და მიზანშეწონილია:

“გასაგებია, რომ პირბადე არ იქნება აუცილებელი გარე სივრცეებში, მაგრამ ის რეკომენდირებულია. ამიტომ, ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს და გეტყვით, რომ მიზანშეწონილია ჯერჯერობით ვატაროთ პირბადე, მაგრამ ის არ იქნება სავალდებულო. ის სავალდებულო იქნება დიდი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, გაჩერებებზე, მეტროში, დახურულ სივრცეებში და ა.შ.”.

დღეს, 22 ივნისს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსნება.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პირბადეების გამოყენება დღეიდან მხოლოდ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსა და გაჩერებებზე იქნება აუცილებელი.

ამასთან, პირველი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც ბოლო დროს 23:00-დან 4:00 საათამდე უზღუდავდა მოქალაქეებს გადაადგილებას.

მიუხედავად “კომენდანტის” მოხსნისა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, რესტორნებს, კაფე-ბარებს, ღამის კლუბებს და სხვა სახის გასართობ ობიექტებს მუშაობის შეწყვეტა 00:00 საათზე მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი