ახალი ამბები

როგორ მოარგო მერიამ ავტომობილის ტენდერები კონკრეტულ კომპანიებს — აუდიტის დასკვნა

23 ივნისი, 2021 • 1219
როგორ მოარგო მერიამ ავტომობილის ტენდერები კონკრეტულ კომპანიებს — აუდიტის დასკვნა

თბილისის მერიის მიერ 2018 წელს ავტომობილების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეიცავს კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგების რისკებს, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობაზე და ტენდერში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტთა რაოდენობა შეზღუდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია საუბარი, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, მერიის მიერ ავტომობილების შესყიდვისას სხვა ალტერნატივების და შესადარისი დაშვებების პირობებში შესაძლებელი იქნებოდა სხვა, მსგავსი ფუნქციებისა და მონაცემების მქონე ავტომობილების ნაკლებ ფასში შესყიდვა, რა დროსაც დაახლოებით 318 500 ლარი დაიზოგებოდა.

“2018 წელს ადმინისტრაციის მიერ ბაზრის კვლევის ჩასატარებლად და სავარაუდო მიმწოდებლების იდენტიფიცირებისათვის შესყიდვების საქალაქო სამსახურს გადაეგზავნა შესასყიდი ავტომობილების მახასიათებლები, რომლებიც პრაქტიკულად წარმოადგენდა კონკრეტული კომპანიის მიერ წინასწარ მიწოდებული ინვოისების შედეგად განსაზღვრულ შესაბამისი მარკისა და მოდელის ავტომობილისათვის მისადაგებულ სპეციფიკაციებს.

შესაბამისად, კომპანიები არ/ვერ მონაწილეობდნენ ბაზრის კვლევაში სრულყოფილად, უმეტეს შემთხვევაში, მათი პასუხების შინაარსი იყო უარყოფითი, ვინაიდან არ გააჩნდათ შესაბამისი მატერიალურ/ტექნიკური შესაძლებლობა, მიეწოდებინათ მსგავსი ტიპისა და სპეციფიკაციების მქონე საქონელი. რიგ შემთხვევაში კომპანიების მიერ შეთავაზებული ალტერნატივები ვერ აკმაყოფილებდა მერიის მიერ მოთხოვნილი ავტომობილების კონკრეტულ სპეციფიკაციებს”, – განმარტებულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დეტალურად იყო აღწერილი შესასყიდი ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები, რომლის ალტერნატივის შეთავაზებაც სხვა პოტენციური მიმწოდებლებისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ეს აღწერილი დეტალები კონკრეტული მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ავტომობილის მარკასა და მოდელს ესადაგებოდა.

აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ ვერც მერიამ წარადგინა და ვერც აუდიტის ჯგუფმა მოიპოვა სათანადო მტკიცებულებები იმის დასადგენად, თუ რამდენად გააჩნდათ მოცემული პერიოდისთვის ქვეყანაში ოპერირებად სხვა კომპანიებს მსგავსი ტექნიკური მოთხოვნების მქონე ავტომობილების შეთავაზების შესაძლებლობა.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორი ტენდერის შემთხვევაში ბაზრის კვლევა შპს “ჯი-თი მოტორსის”, ორ შემთხვევაში კი “იბერია ავტოცენტრის” ინვოისების საფუძველზე ჩატარდა. შესაბამისად, სხვა კომპანიებმა მერიას ვერ შესთავაზეს მოთხოვნილი მახასიათებლების მქონე ავტომანქანები.

“ბაზრის კვლევის ეტაპზე გამოყენებული ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე შედგენილ იქნა სატენდერო დოკუმენტაცია, რამაც განაპირობა ტენდერებში უკონკურენტო გარემო და ბაზარზე ოპერირებად პოტენციურ მიმწოდებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მერიის მიერ გამოცხადებულ ელ. ტენდერებში. შედეგად, შესყიდვაში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია. ასევე, ტექნიკური დავალებებით განსაზღვრულმა დეტალურმა მოთხოვნებმა ვერ უზრუნველყო ტენდერების მიმდინარეობისას კომპანიებს შორის გამართულიყო ვაჭრობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია”, – ნათქვამია ანგარიშში.

ამ გზით მერიამ 2018 წელს 24 ავტომობილი შეიძინა და, ჯამში, 6 257 000 ლარი დახარჯა. ამასთან, სახელმწიფო აუდიტი განმარტავს, რომ შეძენილი ავტომანქანების ღირებულების გარდა, მაღალი იყო 100 000 კმ-ზე მათი თანმდევი სერვისისთვის გათვალისწინებული ღირებულებაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ მერიას შეეძლო საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა.

ამასთან, აუდიტის ანგარიშში განმარტებულია, რომ მერიის მიერ ავტომობილების გამოყენებასთან დაკავშირებით შემუშავებული წესი თანხვედრაში არ არის საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს მოაწესრიგებდა და უზრუნვეყლოფდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ და ეკონომიურ ხარჯვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი