ახალი ამბები

ხონში პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

22 ივნისი, 2021 • 1360
ხონში პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

ხონში პოლიციას კომენდანტის საათის დროს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც “მთავარ არხთან” დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და ამჟამად ქუთაისის კლინიკაში ოპერაციას უტარებენ.

დაშავებულის მამის განცხადებით, კაცი პოლიციელებმა ე.წ. კომენდანტის საათის მიმდინარეობისას გააჩერეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ:

“ნეკნები აქვს ჩატეხილი, ფეხები მოტეხილი, ცხვირი გატეხილი”, – ამბობენ დაშავებულის ოჯახის წევრები “მთავარ არხთან”.

“ეს მოხდა კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, არ უნდა გასულიყო. გააჩერა მანქანა, მინა ჩამოსწია, მივიდა პოლიციელი და ჩასცხო თავში და სახეში… მე შენ რა გითხარი, რატომ გამოდიხარ გარეთო.”

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა, უწყების გადმოცემით, კაცი თავად დაუპირისპირდა პოლიციელებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, დაზიანებები კი დაკავებისას მიიღო:

“მიმდინარე წლის 21 ივნისს ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ასევე, პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში” ,- აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, თ.კ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით კი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. კერძოდ, 2021 წლის 22 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, შესაბამისი გარემოებების დაზუსტების შემდეგ, საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

“ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას” ,- აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი