რუსთაველის თეატრის დასი ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრება. ინფორმაციას, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კომენტართან ერთად, რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.

ფესტივალის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, დასი სამი დღის მანძილზე — 30 ივნისიდან 2 ივლისამდე — ითამაშებს სპექტაკლს “თამაშის დასასრული”, რომლის დამდგმელი რეჟისორიც რობერტ სტურუაა.

“ძალიან მოხარულნი ვართ იმით, რომ გვაქვს საშუალება, მოსკოველ მაყურებელს ვუჩვენოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესა, არაჩვეულებრივი ავტორი და მგონია, რომ არც მსახიობები თამაშობენ ცუდად”, — უთხრა მან რუსულ მედიას.

“ნეტგაზეთი” რუსთაველის თეატრის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.