ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვა გამოაქვეყნა.
პროგრამული ხედვა ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას: 1. განვითარება 2. დემოკრატია 3. უსაფრთხოება.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვის მთავარი მიზანი არის ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა. აღნიშნული მიიღწევა პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობით, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არსებულ საჭიროებებზე მორგებული სოციალური დაცვისა და განათლების სისტემა, ქვეყნის დეოკუპაცია, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის რეალური დღის წესრიგით მოქმედება. ამასთან, თითოეულ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ შედეგიანად ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში”, – ნათქვამია პროგრამის შესავალში.
პროგრამული ხედვის თანახმად, შემდგომ წლებში სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია სისტემური განახლება და რეფორმების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:
– სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, დეცენტრალიზაციას და მოქნილ და ეფექტიან სახელმწიფო აპარატს;
– მართლმსაჯულების სისტემა, სადაც რეფორმა ეხება ყველა რგოლს, მათ შორის, სამართალდამცავ და საპროკურორო საქმიანობას, სასამართლო სისტემას და მიმართულია თანმიმდევრული და სამართლიანი პოლიტიკის გატარებაზე;
– კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის რისკების შემცირებაზე და პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის გატარების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველყოფის და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ერთიანი, დამოუკიდებელი მექანიზნის შექმნის გზით;
– სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, მასში ახლებური ხედვის ფორმირების გზით, კონტრსადაზვერვო, საგარეო დაზვერვის, ჰიბრიდული საფრთხეების და სხვა მიმართულებებით;
– განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი ადმინისტრირებისა და მართვის ნაწილში; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
– სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, მეტი სამართლიანობისა და უკეთესი მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად. რეფორმის შემდგომი ეტაპებია განსახორციელებელი შემდეგი მიმართულებებით:
– საგადასახადო სისტემა და საგადასახადო ადმინისტრირება;
– ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება;
– ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;
– საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების მიზნით ნატოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება. გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, მათ შორის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მიზნით, კონკრეტული საგზაო რუკის შემუშავება და განხორციელება. საქართველოს როლის განსაზღვრა ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში.