ახალი ამბები

პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მშენებლობის სექტორი – 19.4%-ით

18 ივნისი, 2021 • 874
პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მშენებლობის სექტორი – 19.4%-ით

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში დაახლოებით 11.2 მილიარდი ლარი იყო, რაც ნომინალში აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემს.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54%). პირველ კვარტალში სექტორის გამოშვება 188 მლნ იყო. მშენებლობის სექტორი 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.4%-ით შემცირდა და მიმდინარე ფასებში 678 მლნ ლარი შეადგინა.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24%). სექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში 611 მლნ ლარი იყო. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 50%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 207 მლნ ლარი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.9%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.8%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.6%) და სახელმწიფო მმართველობა (8.3%).

მასალების გადაბეჭდვის წესი