ახალი ამბები

კოვიდის mRNA ვაქცინებით სპერმა არ ზიანდება – CNN ახალ კვლევაზე

18 ივნისი, 2021 • 1883
კოვიდის mRNA ვაქცინებით სპერმა არ ზიანდება – CNN ახალ კვლევაზე

ახალი კვლევით დადასტურდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სპერმის რაოდენობას და ხარისხს არ ცვლის.   CNN წერს, რომ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა კაცების რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო. ანალოგიური ცნობები ვრცელდებოდა ქართულენოვან სოციალურ მედიაშიც.

კვლევაში, რომელიც აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, წერია,  რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელ კაცებში სპერმის ხარისხი თუ ოდენობა არ შემცირებულა მას შემდეგ, რაც მათ  “ფაიზერი”/”მოდერნას” ვაქცინის პირველი თუ მეორე დოზა მიიღეს.

“ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულება,  რომ ძალიან დაბალია რისკი იმისა, რომ იმუნიზაციას სპერმის რაოდენობის შემცირება ახლავს თან”,- ამბობს ჩიკაგოს რეპროდუქციის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი დევიდ კოჰენი. ანდროლოგი და ბრიტანეთის შეფილდის უნივერისტეტის პროფერსორი ალან პეისიც, რომელსაც, კოჰენის მსგავსად, კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, აცხადებს, რომ კვლევის მონაცემებით, mRNA კოვიდ-19-ის  ვაქცინების მიღების შემდეგ სპერმის ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება, თუმცა პეისი დასძენს, რომ მნიშვნელოვანია უფრო ფართო კვლევის ჩატარებაც, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკის კაცები, რათა კვლევის შედეგები განმტკიცდეს.

CNN-ის ინფორმაციით, კვლევაში გამოიყენეს 25-31 წლამდე 45 კაცის სპერმა. მათი მდგომარეობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ კვლევის დაწყებამდე შეფასდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ამ მხრივ ჯანმრთელები იყვნენ. სინჯები სპერმიდან mRNA ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებამდე აიღეს, მეორედ კი,  ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 70 დღის შემდეგ. ამის შემდგომ შემოწმდა სპერმის მოცულობა, კონცენტრაცია და რაოდენობა.

“აღებულ ნიმუშებში ვერანაირი ცვლილება ვერ ვიპოვეთ”,-ამბობს ექიმი რანჯით რამასამი მაიამის უნივერსიტეტიდან. CNN-ის ცნობით, კვლევაში არ შეუმოწმებიათ “ასტრაზენეკას” და “Johnson & Johnson”-ის ვაქცინები, რომლებიც mRNA-ზე დაფუძნებული არ არის. რამასამი ფიქრობს, რომ გენეტიკურ მახასიათებლების სხვაობის მიუხედავად, ყველა ეს ვაქცინა ერთნაირად მუშაობს და შედეგი ამ ორი ვაქცინის შემთხვევაშიც განსხვავებული არ უნდა იყოს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რომ გავლენა არ აქვს მამაკაცის სპერმაზე და თავად ვირუსი რომ შეიძლება იყოს საზიანო კაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის, ეს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა. კვლევის თანახმად,  ინფიცირებული კაცის სპერმის უჯრედები გაზრდილი იყო ანთებითი პროცესით იმ კაცის სპერმასთან შედარებით, რომელსაც იმ მომენტში Covid-19 არ ჰქონია. ამას გარდა, ვირუსს უარყოფითი გავლენა ჰქონდა სპერმის კონცენტრაციაზე, ფორმასა თუ მოძრაობაზე.

“გასაკვრი არ იქნება, თუ SARS-CoV-2-ს, ვირუსს, რომელიც Covid-19-ს იწვევს, გავლენა ექნება კაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, რადგან ACE2 რეცეპტორები, რომელთა მეშვეობითაც ვირუსი ფილტვებში ხვდება, ასევე გვხვდება სათესლე ჯირკვლებში”,-აცხადებს პროფესორი პეისი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი