ნეტგაზეთი | EU-ს კოვიდ-სერტიფიკატი: როგორ მუშაობს და ვინ გამოიყენებს EU-ს კოვიდ-სერტიფიკატი: როგორ მუშაობს და ვინ გამოიყენებს – Netgazeti
RU | GE  

EU-ს კოვიდ-სერტიფიკატი: როგორ მუშაობს და ვინ გამოიყენებს

ელექტრონული კოვიდ-სერტიფიკატის სქემას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის გადაადგილებას გაამარტივებს, ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. შემდგომი ეტაპი მისი კანონად ქცევა და ოფიციალურად ამოქმედებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროცედურა დასრულებული ჯერ არ არის, ევროგაერთიანების ქვეყნების ნაწილმა სერტიფიკატების გაცემა უკვე დაიწყო. საუბარია შესაძლებლობაზეც, რომ დოკუმენტი ევროკავშირის გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

მსგავს დოკუმენტზე საქართველოს მთავრობაც მუშაობს. ის უკვე გაიცემა, თუმცა საკანონმდებლო დონეზე ლეგალიზებული ჯერ არ არის.

სანამ პროცესი დასრულდება და უფრო მეტს გავიგებთ, წაიკითხეთ, რა უნდა იცოდეთ ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატზე და რა სახის კვეთა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოსთან:

რა არის და როგორ მუშაობს EU-ს ელექტრონული კოვიდ-სერტიფიკატი?

ევროკომისიის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ეს არის ელექტრონული დოკუმენტი, რომლითაც მოქალაქეს შეუძლია, დაადასტუროს, რომ:

  • აცრილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით;
  • ჩაიტარა COVID-19-ის ტესტი, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა;
  • ინფიცირებული იყო COVID-19-ით და განიკურნა.

დოკუმენტი შეიცავს QR კოდს, რომელშიც, ზემოთ მოცემული ინფორმაციის გარდა, სერტიფიკატის მფლობელის ელექტრონული ხელმოწერაც არის ფიქსირებული. დოკუმენტი ელექტრონულია, თუმცა მოქალაქეს შეუძლია, ამობეჭდილი ვერსიაც მოითხოვოს.

ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლისას, მესაზღვრეები დაასკანერებენ სერტიფიკატზე დატანილ QR კოდს, რათა დარწმუნდნენ, რომ ვიზიტორი აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

რა ეტაპზეა ეს დოკუმენტი და როდიდან ამოქმედდება?

როგორც უკვე ვთქვით, საერთო სქემას ევროპარლამენტის მხარდაჭერა უკვე აქვს. პროცედურის მიხედვით, ამავე ორგანომ მის კანონად ქცევასაც უნდა დაუჭიროს მხარი. ელიან, რომ ეს უკანასკნელი მოხდება კანონმდებელთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით.

სისტემა ევროკავშირის მასშტაბით პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა დამატებით 6 კვირა მიეცემათ იმ სახელმწიფოებს, რომელთაც ეს სჭირდებათ.

მიუხედავად დარჩენილი პროცედურებისა, ევროკავშირის არაერთი ქვეყანა უკვე იყენებს ხსენებულ სქემას და სერტიფიკატებსაც გასცემს. მათ შორის არიან ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და ესპანეთი.

ამასთან, პირველ ივნისს ამოქმედდა საერთო სისტემა, რომელიც სერტიფიკატების დამოწმების საშუალებას იძლევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებზე.

ვის შეეძლება სერტიფიკატით სარგებლობა?

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტით ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქეები, მათი ოჯახები და ლეგალურად მცხოვრებლები(რეზიდენტები).

ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ სერტიფიკატი, შესაძლოა, ევროკავშირის გარეთ მცხოვრები საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში მოგზაურმა მასპინძელ ქვეყანას უნდა მიმართოს და სთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის დამზადება იმის საფუძველზე, რომ აკმაყოფილებს სერტიფიკატის მისაღებად საჭირო რომელიმე მოთხოვნას.

თუმცა ეს უკანასკნელი საკითხი დამოკიდებული იქნება ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე. უფრო მეტი ინფორმაცია, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება პირველი ივლისის შემდეგ, როცა სქემა ოფიციალურად ამოქმედდება.

სერტიფიკატს აუცრელი პირებიც მიიღებენ?

დიახ. სერტიფიკატის მისაღებად ვაქცინაცია აუცილებელი პირობა არ არის. როგორც უკვე ვთქვით, ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვირუსი გადატანილი აქვთ ან ტესტის პასუხი უარყოფითია.

ამ ეტაპზე არც იმის აუცილებლობაა განსაზღვრული, რომ დოკუმენტის მფლობელი ორჯერადად იყოს აცრილი. სერტიფიკატი ინახავს ინფორმაციას როგორც ერთჯერადი, ისე სრულად აცრის შესახებ. მასპინძელ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რა მოთხოვნებს დააწესებს ამ კუთხით.

თუმცა არის ერთი საყურადღებო დეტალი: მნიშვნელობა აქვს, რომელი ვაქცინით არის პირი აცრილი. საზღვარზე ვალიდურად მხოლოდ ევროკავშირის მიერ აღიარებულ ვაქცინებს მიიჩნევენ. ესენია: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, ჯონსონ&ჯონსონი.

როგორც სხვა შემთხვევებში, ევროკავშირის წევრ ქვეყანას შეუძლია, ინდივიდუალურად შეცვალოს ეს წესი.

როგორ შეეძლება მსურველს, მიიღოს სერტიფიკატი

სერტიფიკატის გაცემაზე თითოეული ქვეყნის შესაბამისი უწყებები იქნებიან პასუხისმგებელნი.

მიუხედავად იმისა, რომ სქემა ერთია, სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად უნდა უზრუნველყონ შესაბამისი აპლიკაციის შექმნა, რომლითაც დოკუმენტის მფლობელები ისარგებლებენ.

სერტიფიკატი უფასოა.

რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობაც მუშაობს კოვიდ-სერტიფიკატებზე, რომელთა მფლობელებიც, სავარაუდოდ, სხვადასხვა პრივილეგიით ისარგებლებენ.

თუმცა, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველოში ამ დოკუმენტს მხოლოდ ის ადამიანები იღებენ, რომლებიც რომელიმე ვაქცინით ორჯერადად არიან აცრილნი.

ორჯერადად აცრის შემდეგ, მსურველის თხოვნის საფუძველზე, კლინიკებში სერტიფიკატს უკვე ბეჭდავენ. დოკუმენტის მიღება მოქალაქეს შეუძლია სხვა დაწესებულებაშიც, რომელსაც აცრების პორტალთან აქვს წვდომა. მათ შორისაა დაავადებათა კონტროლის ცენტრი(NCDC).

ევროპული სერტიფიკატის მსგავსად, ქართულ დოკუმენტზე დატანილია QR კოდი, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, მფლობელის ელექტრონული ხელმოწერაც არის კოდირებული.

“[QR კოდზე] ამოდის აცრების ფიქსირებული მონაცემები. მაგრამ იქ შეიძლება ასევე ამოვიდეს, ბოლო PCR ტესტი როდის აქვს ჩატარებული [ადამიანს] და ასევე, თუ აქვს და როდის აქვს გადატანილი დაავადება”, — ეუბნება NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე “ნეტგაზეთს”.

ინფორმაცია, რომელსაც ის ახსენებს, სერტიფიკატზე წერილობითაც არის აღნიშნული, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მნიშვნელოვანია, რომ სერტიფიკატი საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ ლეგალიზებული არ არის და კანონით არ რეგულირდება. დოკუმენტთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას — მათ შორის, იმ პრივილეგიებზე, რომლებითაც მისი მფლობელები ისარგებლებენ — სავარაუდოდ, მაშინ მივიღებთ, როცა სერტიფიკატი ოფიციალურად შევა ძალაში.

“ჯერ შესაბამისად უნდა დამტკიცდეს ამის მიღების წესი, მთავრობის გადაწყვეტილებით. ამავე დროს, მომზადებულია მისი აპლიკაციაც, რომელიც ატვირთულია უკვე გუგლსა და ანდროიდზე. ადამიანი თუ ჩამოტვირთავს ამ აპლიკაციას, მას შეეძლება უკვე, თავადაც ამობეჭდოს ეს სერტიფიკატი, თავისი ტელეფონიდან”, — აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, საკითხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთანაც არის გავლილი და ამჟამად მას ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ. საბოლოოდ დოკუმენტი საკოორდინაციო საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

აპლიკაცია, რომელიც NCDC-ს დირექტორმა ახსენა, მოქალაქეებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ჯერ არ არის. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დოკუმენტი კანონიერ ძალაში შევა.

იქნება თუ არა კვეთა ქართულ და ევროპულ სერტიფიკატებს შორის?

ამირან გამყრელიძის თქმით, სერტიფიკატს უკვე ითხოვენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში კონკრეტული მიზნებით, მაგალითად, სასწავლებლად მიემგზავრებიან.

“ჩვენთან, მაგალითად, აქტიურად ითხოვენ ამ სერტიფიკატებს ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში და გავლილი აქვთ ორჯერადი აცრა. ისინი ითხოვენ და ბევრს მიაქვს ეს სერტიფიკატი.

ძირითადად, ქვეყნებში შესვლისთვის უპირატესობა ენიჭება ნეგატიურ PCR ტესტს, მაგრამ ასევე მთელი რიგი უნივერსიტეტები ითხოვენ კამპუსში დაშვებისთვის, რომ სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი”, — აღნიშნავს ის.

კითხვას, შესაძლებელია თუ არა ევროკავშირისა და საქართველოს მიერ ერთმანეთის სერტიფიკატების ურთიერთაღიარება, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ “ეს ყველაფერი შესაძლებელია”, თუმცა ჯერ ქართულ სერტიფიკატებთან დაკავშირებული კანონმდებლობის განსაზღვრაა საჭირო”.

“ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ხომ? ეს შემდგომ უკვე შესაბამისი დიპლომატიური უწყებების პრეროგატივაა.

ჯერ მთავარია, ჩვენთან იქნეს ის ლეგალურად აღიარებული… ურთიერთაღიარება შეიძლება იყოს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ან ზოგიერთთან”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან