ახალი ამბები

თბილისისთვის ერთი ცუდი და ერთი კარგი ამბავი გაეროდან

17 ივნისი, 2021 • 1286
თბილისისთვის ერთი ცუდი და ერთი კარგი ამბავი გაეროდან

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი”აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუციას.

დოკუმენტი 57 ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული და გაეროში საქართველოს მუდმივი მისიის ინფორმაციით, მას წელს 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. გასულ წელს, გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე ამავე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა ქვეყანამ. ამასთან, შარშან დოკუმენტი 54 ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული, ანუ თანაავტორთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა.

ქვეყნებს შორის, რომლებმაც პოზიციები შეიცვალეს, არის ბარბადოსი, რომელმაც შარშან ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, წელს კი დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

ბოლივიამ, რომელმაც გასულ წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა, წელს თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან.

შარშანდელისგან განსხვავებით, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა კომორის კუნძულების კავშირმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო დომინიკის რესპუბლიკამ, რომელმაც გასულ წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ელ სალვადორმა, მადაგასკარმა, ტოგომ და იემენმა – ეს ქვეყნები  გასულ წელს რეზოლუციას მხარს უჭერდნენ.

სიერა ლეონემ კი, დომინიკის რესპუბლიკის მსგავსად, წელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ამასთან, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს კოტ დიუვარმა, მალდივებმა და პალაუმ, წინა წელს მათ თავი შეიკავეს პოზიციის დაფიქსირებისგან.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე.

“აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი