ახალი ამბები

შსს-სა და სუს-ის საკომუნიკაციო სისტემის განსაახლებლად $3.6 მილიონი დაიხარჯება

16 ივნისი, 2021 • 1280
შსს-სა და სუს-ის საკომუნიკაციო სისტემის განსაახლებლად $3.6 მილიონი დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუყონებლივ გეგმავს საკომუნიკაციო სისტემის განახლებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს 3.6 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.

შსს-ს განცხადებით, თუ სისტემა დაუყონებლივ არ განახლდება, ორივე სახელმწიფო უწყებას შეექმნება მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პრობლემა, ვერ შეძლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, სისტემა საკმარისად არ იქნება დაცული კიბერსაფრთხეებისგან და ა.შ.

საკომუნიკაციო სისტემის განახლებასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე ინფორმაცია შსს-მ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე უკვე გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დანერგილია “Motorola Solutions Germany GmbH-ის” სისტემა “Dimetra”.

შსს-ს ცნობით, ამ სისტემების დანერგვა სამინისტროში 2002 წლიდან დაიწყო. სისტემის ძირითადი ნაწილი 2008-2013 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 4 ეტაპად გადასცა, პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენდა 50 მილიონ აშშ დოლარს. 2013-2014 წლებში ამერიკის მთავრობის დახმარებით სისტემა განახლდა იმ მომენტისთვის ბოლო ვერსიამდე.

სახელმწიფო უწყების განცხადებით, სისტემის გაფართოება ამ დრომდე ხდებოდა შსს-ს და სუს-ის სახსრებით და დღეისთვის სისტემა მოიცავს 111 სადგურს (საიტს) და სისტემაში ჩართულ 6 470 რადიოსადგურს, სისტემა ფარავს ქვეყნის დასახლებული პუნქტების დაახლოებით 70%-ს. მასშტაბური განახლება (სერვერების გამოცვლა, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ა.შ.) 2013-2014 წლების შემდეგ არ მომხდარა.

როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, სისტემის პირველადი მონიტორინგი ჩაატარა მწარმოებელმა კომპანიამ. მათი დასკვნის მიხედვით:

“არსებული კავშირგაბმულობის სისტემა საჭიროებს დაუყოვნებლივ განახლებას. კერძოდ, გამოსულია მწყობრიდან პროგრამული და აპარატურული საუშლებების ნაწილი, ხოლო დანარჩენი მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. უკანასკნელ პერიოდში დამატებული საიტების გამო სისტემა მუშაობს გადატვირთულად და შეფერხებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სისტემაში ჩართული რადიოსადგურების ნაწილი არ მუშაობს, ვინაიდან ნაწილი შესაკეთებელია, ხოლო გარკვეული ნაწილი არ ექვემდებარება შემდგომ ექსპლუატაციას, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის პარალელურად გაიზრდება დატვირთვა სისტემაზე, რასაც არსებული სისტემის გარკვეული მაკომპლექტებლები ვერ გაუძლებს.

არსებული სისტემის გარკვეული მაკომპლექტებლები იმდენად ძველია, რომ უახლოეს მომავალში კომპანიის მიერ დაგეგმილია მათი წარმოების პროცესიდან ამოღება. შესაბამისად, თუ დროულად არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სისტემის განახლებაზე, შემდგომში, იმის გამო, რომ აღარ მოხდება ამ დეტალების წარმოება, შეუძლებელი იქნება სისტემის განახლება ან თუნდაც დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენა”.

როგორც შსს აცხადებს, მოძველებული საკომუნიკაციო სისტემით სარგებლობს შსს-ს სისტემაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფები და ტერიტორიული ორგანოები, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები. აღნიშნული დანაყოფები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა რეგიონში, მათ ფუნქციებში შედის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, მასების მართვა, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, კრიმინალების ძებნა, დევნა, დაკავება, სხვადასხვა სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობა (მათ შორის, ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული მოვლენების დროს) სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და ა.შ.

ოფიციალური დოკუმენტაციით, მწარმოებელი კომპანია განახლებულ სისტემაზე იძლევა ხუთწლიან გარანტიას. გარანტიისვე მიხედვით, ის 8 წლის განმავლობაში დაამზადებს სისტემის ნებისმიერ მაკომპლექტებელს, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს, გაფართოების სურვილის შემთხვევაში, ახალი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე გააფართოოს სისტემა.

სისტემის განახლების ჯამური ღირებულება 3 599 411 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც შსს-სთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით დაფინანსდება და დამატებითი თანხის მოძიება არ იქნება საჭირო. გარდა ამისა, სახელმწიფო სისტემის მწარმოებელ კომპანიას ფულს შემდეგი 5 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით გადაუხდის:

  • 5% – 179 970 აშშ დოლარი ხელშეკრულების ხელმოწერის და საავანსო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ.
  • 15% – 539 911 აშშ დოლარი. თებერვალი, 2022 წელი;
  • 25% – 899 852 აშშ დოლარი. თებერვალი, 2023 წელი;
  • 20% – 719 882 აშშ დოლარი. თებერვალი, 2024 წელი;
  • 20% – 719 882 აშშ დოლარი. თებერვალი, 2025 წელი;
  • 15% – 539 911  აშშ დოლარი. თებერვალი, 2026 წელი.

სისტემის სრულად განახლება ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაახლოებით ერთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი