ახალი ამბები

“ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავეს

16 ივნისი, 2021 • 1251
“ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავეს

შსს-მ “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავა 3 პირი — 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა თ.ჩ-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ და თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა “ქურდული სამყაროს” მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს “ქურდული გარჩევა”. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს დააკისრეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და “ქურდული სამყაროს” წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა.

სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი