ახალი ამბები

“გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის” – ევროკავშირი და აშშ

16 ივნისი, 2021 • 1252
“გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის” – ევროკავშირი და აშშ

ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივი სამიტის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

დოკუმენტში მხარეები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოსა და უკრაინის კონტექსტში:

“ჩვენ ერთად ვდგავართ რუსეთის მიმართ პრინციპულ დამოკიდებულებაში და მზად ვართ ვუპასუხოთ მის განმეორებად ნეგატიურ და დამაზიანებელ ქმედებებს. ეს რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, თუ არ სურს კიდევ მეტად გაიფუჭოს ურთიერთობა ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან.

ვაპირებთ დავამკვიდროთ აშშ-სა და ევროკავშირს შორის მაღალი რანგის დიალოგი რუსეთთან დაკავშირებით. ვგმოთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც უგულებელყოფს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას” ,- წერია დოკუმენტში.

ევროკავშირი და აშშ რუსეთს მოუწოდებენ, უზრუნველყოს საერთაშორისო მისიების მშვიდობიანი მუშაობა რუსეთში და შეწყვიტოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციაზე და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

ამასთან, მხარეები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, მათ შორის, რეფორმების გზას, რომელიც აირჩია უკრაინამ, საქართვეომ და მოლდოვამ:

“გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ მუშაობა გრძელვადიანი მშვიდობისთვის, მდგრადობისა და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი